„გურიის მოამბეში“ გამოქვეყნდა სტატია „ლანჩხუთის ა(ა)იპ-ის თანამშრომლებს უფასო შვებულებაში უშვებენ

გამოქვეყნებულია ორშაბათი, 02 ნოემბერი 2015 14:26

„გურიის მოამბეში“ გამოქვეყნდა სტატია „ლანჩხუთის ა(ა)იპ-ის თანამშრომლებს უფასო შვებულებაში უშვებენ“.
სამწუხაროა, რომ „ნაციონალების“ ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერი, კახა ასკურავა ასეთ გადაუმოწმებელ ინფორმაციას ავრცელებს.
ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ საუბარი ორთვიან უფასო შვებულებასა და იმაზე, რომ “უმრავლესობას ორი თვის ხელფასს უკრედიტებენ იანვრამდე“, როგორც ამას კახა ასკურავა ამტკიცებს, მტკნარი სიცრუეა.
ცენტრის დირექტორის, ადელინა კილაძის განმარტებით, საქმე ეხება ხელშეკრულებით აყვანილ მოცეკვავეებსა და მომღერლებს, რომლებსაც, სპეციფიკიდან გამომდინარე, აგვისტოს თვეში უწყდებათ ხელშეკრულება (სეზონის დახურვის გამო). რაკი ეროვნული ფოლკლორის ცენტრის ფესტივალი უნდა ჩატარებულიყო ოქტომბერში, ანსამბლების წევრებს მოსამზადებლად მიეცათ აგვისტო-სექტემბრის თვე. რაც შეეხება ანაზღაურებას, მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანებს სეზონის დასრულების გამო არ მიეცემოდათ აგვისტოს ხელფასი, ფესტივალისთვის მოსამზადებლად ლანჩხუთის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებამ აგვისტოს თვის კუთვნილი გასამრჯელო მათზე მაინც გასცა. 
- რაკი აგვისტოში ამ ადამიანებთან ხელშეკრულება არ შეწყდა, ისევ და ისევ სპეციფიკიდან გამომდინარე, მათ გამოუყენებელი დღეები შეეძლოთ ნოემბერში გამოეყენებინათ. თუმცა ამის საჭიროება უკვე აღარ არსებობს და ისინი ჩვეულებრივად აგრძელებენ მუშაობას, - განაცხადა ადელინა კილაძემ.
ამასთან, დავძენთ, რომ აღნიშნულ პირებს მიეცემათ 12 თვის ანაზღაურება და ისინი არავითარ უფასო შვებულებაში არ მიდიან!!!