19 | 12 | 2018

პროექტი „ოჯახის ექიმების განათლება ონკოლოგიის საკითხებზე”

7 ნოემბერს ლანჩხუთის რესურს ცენტრის სააქტო დარბაზში ტრენინგი ჩატარდა, რომლის მიზანი ონკოლოგიური დაავადებების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობა გახლდათ.
როგორც ცნობილია, სადღეისოდ საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში დიდი აქცენტი კეთდება პირველადი ჯანდაცვის როლის გაძლიერებაზე დაავადებათა პრევენციისა და ადრეული დიაგნოსტიკის მიმართულებით. სწორედ ამ მიმართულებას ეხმიანება პროექტი „ოჯახის ექიმების განათლება ონკოლოგიის საკითხებზე”, რომელიც ხორციელდება „ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის“, „ონკოპრევენციის ცენტრისა“ და არასამთავრობო ორგანიზაციის „თანადგომა“ თანამშრომლობით. მის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს ჩეხეთის რესპუბლიკის განვითარების სააგენტო.
პროექტი ითვალისწინებს ოჯახის ექიმების და ექთნების ცოდნის გაუმჯობესებას ონკოლოგიაში, რათა სამომავლოდ მათ უკეთ შეძლონ მოსახლეობის ინფორმირება კიბოს პრევენციის, ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის პროგრამის თაობაზე და უშუალოდ ჩაერთონ კიბოს ადრეული ფორმების გამოვლენაში.
„ონკოლოგიური სიფხიზლე" - ეს არის ტრენინგის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი, რომელსაც ონკოპრევენციის ცენტრის ექსპერტ-ტრენერები უზიარებენ ტრენინგის მონაწილეებს. 
„სწორედ კიბოს ადრეულ ეტაპზე გამოვლენა და დროული ჩარევა იძლევა მისი ეფექტური მკურნალობის საშუალებას“, - აღნიშნა ონკოპრევენციის ცენტრის დირექტორმა ბატონმა იოსებ აბესაძემ,- „ეს კი შესაძლებელია მხოლოდ პირველადი ჯანდაცვის პროფესიონალთა აქტიური ჩართულობით", დასძინა მანვე.
„პროექტის მიზანია საქართველოში ონკოპრევენციული ღონისძიებების გაძლიერება პირველადი ჯანდაცვის პროფესიონალთა ჩართვით ონკოლოგიური დაავადებების მართვაში და ასევე, დაავადების შესახებ მოსახლეობის ცოდნის გაუმჯობესების გზით სტიგმის დაძლევა. შესაბამისად, პროექტი ეფუძნება მრავალმხრივ მიდგომას და მოიცავს როგორც სამედიცინო პერსონალის ცოდნის გაუმჯობესებას ონკოლოგიის საკითხებში, ასევე, მოსახლეობის განათლებას ონკოლოგიური დაავადებების, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და პრევენციის, სკრინინგის პროგრამების შესახებ“, აღნიშნა „ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის“ პროექტის მენეჯერმა თამარ კურტანიძემ.
ტრენინგს ასევე ესწრებოდა ჩეხი ექიმი ონკოლოგი ლუბომირ შკოპალი და ოჯახის ექიმი მარია შკოპალი, რომლებიც სოფლის ექიმებსა და ექთნებს ესაუბრნენ ათ ყველაზე გავრცელებულ ონკოლოგიურ დაავადებასა და მისი მკურნალობის მეთოდებზე და ოჯახის ექიმის გამოცდილებაზე ჩეხეთის რესპუბლიკაში. 
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ონკოლოგიური დაავადებების სიხშირე ყოველწლიურად მთელს მსოფლიოში იზრდება. ამასთან, საყურადღებოა ის ფაქტი, რომ მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში კიბოთი სიკვდილიანობის მაჩვენებელი იკლებს, ხოლო განვითარებად ქვეყნებში ეს მაჩვენებელი იზრდება.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია