19 | 12 | 2018

პასუხი გამოქვეყნებულ წერილზე "გურიის მოამბეს"

ინტერნეტ-გამოცემა ,,გურიის მოამბეში“ გამოქვეყნდა წერილი სათაურით „ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარემ სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა“. წერილის ავტორის არაკომპეტენტურობა და საკითხისადმი არასერიოზული დამოკიდებულება სათაურშივე მჟღავნდება, მისი მიზანია მცდარი ინფორმაციის გავრცელება და მკითხველის შეცდომაში შეყვანა.
დავიწყოთ იმით, რომ სულ მცირე, ავტორმა უნდა იცოდეს, საკრებულოს თავმჯდომარე მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე ვერ გააუქმებდა სასამართლო გადაწყვეტილებას, აღნიშნული მხოლოდ სასამართლოს დისკრეციას წარმოადგენს. დავაზუსტებთ, რომ საკრებულოს თავმჯდომარის მიერ 2015 წლის 6 ნოემბერს ბრძანებით გაუქმდა „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგ თანამშრომლებზე პრემიალური ანაზღაურების გაცემის შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2014 წლის 20 მაისის N156 ბრძანება, ხოლო სასამართლომ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო ამა წლის 10 ნოემბერს, აქედან გამომდინარე, საკრებულოს თავმჯდომარის მიერ ბრძანების გაუქმება წინ უსწრებდა სასამართლოს გადაწყვეტილებას. 
წერილის ავტორი წერს, რომ მოქმედმა საკრებულოს თავმჯდომარემ მისი წინამორბედის ორი წლის წინანდელი გადაწყვეტილება სახელფასო სარგოს გაცემის თაობაზე განკარგულებით გააუქმა, რაც ასევე არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან წინა საკრებულოს თავმჯდომარის მიერ 2014 წლის 20 მაისს გამოიცა „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგ თანამშრომლებზე პრემიალური ანაზღაურების გაცემის შესახებ“ ბრძანება, რომელიც არ წარმოადგენს განკარგულებას. აქედან ნათლად ჩანს, რომ სტატიის ავტორი განკარგულების და ბრძანების გამოცემის მნიშვნელობას არ იცნობს და არ იცის რა განსხვავებული წესითა და საფუძვლებით გამოიცემა აღნიშნული სამართლებრივი აქტები. 
სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ თავდაპირველად სარჩელი სასამართლოში მუნიციპალიტეტის გამგეობამ და გამგებელმა ზაზა ურუშაძემ შეიტანა, თუმცა როგორც რაიონული ასევე სააპელაციო სასამართლო საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ მოიგო. ამასთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ პირველ ორ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ გააუქმა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და შეწყვიტა საქმისწარმოება დაუშვებლობის მოტივით, რადგან საკითხის მოწესრიგება თვითმმართველობის ორგანოების კომპეტენციაში შედიოდა. რაც შეეხება მესამე სასამართლო პროცესს და სტატიაში მითითებულ სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას, აღნიშნულიც წარმოადგენს ცრუ ინფრომაციას, ვინაიდან სასამართლოს არ დაუკმაყოფილებია სარჩელი სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების ნაწილში.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია