19 | 12 | 2018

გაზეთ "ჰო და არაში"გამოქვეყნებულ ინტერვიუს პასუხად

გაზეთ ,,ჰო და არაში” გამოქვეყნდა ინტერვიუ ლაჩხუთის მუნიციპალიტეტის ყოფილი საკრებულოს თავმჯდომარესთან, რომელშიც სტამბულში გამართული კონგრესის დეტალების კვალდაკვალ საუბარია სასამართლო პროცესებზე, რომელიც მის მიერ 2014 წლის მაისში გამოცემული ბრძანების საფუძველზე მიმდინარეობს.
აქვე ვადასტურებთ დიდ პატივისცემას ბატონ ამირან გიგინეიშვილის მიმართ და ამ შემთხვევაში მხოლოდ აღნიშნულ ინტერვიუში ზოგიერთ უზუსტობებთან დაკავშირებით გავაკეთებთ რიგ განმარტებებს:
დავიწყებთ სათაურით და კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ საკრებულოს თავმჯდომარე მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე ვერ გააუქმებდა სასამართლო გადაწყვეტილებას, აღნიშნული მხოლოდ სასამართლოს დისკრეციას წარმოადგენს. საკრებულოს თავმჯდომარის მიერ 2015 წლის 6 ნოემბერს ბრძანებით გაუქმდა „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგ თანამშრომლებზე პრემიალური ანაზღაურების გაცემის შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2014 წლის 20 მაისის N156 ბრძანება. სასამართლომ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო ამა წლის 10 ნოემბერს. აქედან გამომდინარე, საკრებულოს თავმჯდომარის მიერ ბრძანების გაუქმება წინ უსწრებდა სასამართლოს გადაწყვეტილებას. 
ინტერვიუში ბატონი ამირანი აცხადებს, რომ ეს იყო მისი თავმჯდომარეობის დროს გამოცემული მეორე „ბრძანებულება“ პრემიაზე, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. აქვე დავაზუსტებთ, რომ პირველად, მის მიერ გამოცემული 2014 წლის 3 იანვარს №4 ბრძანების საფუძველზე შობის დღესასწაულთან დაკავშირებით 43 საჯარო მოხელეზე გაიცა პრემიალური ანაზღაურება ერთი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. ამავე წლის 8 მარტს კი №58 ბრძანების საფუძველზე 22 ქალ თანამშრომელზე კვლავ გაიცა პრემია, ხოლო მესამე შემთხვევაში- 2014 წლის 20 მაისის N156 ბრძანებით ისევ 43 მოხელეზე უნდა გაცემულიყო პრემიალური ანაზღაურება. 
ასევე ავღნიშნავთ, რომ ახალი მოწვევის საკრებულოს თავისი საქმიანობის- წელიწადი და 4 თვის განმავლობაში არ გაუცია არც ერთი სახის პრემიალური ანაზღაურება. 
აქედან გამომდინარე თავად მკითხველმა განსაჯოს რამდენად რეალურია ოთხ თვეში 3-ჯერ პრემიის გაცემა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მწირი ბიუჯეტის და მძიმე სოციალური პირობების ფონზე.
აქვე ვასაჯაროებთ, რომ ბრძანების გამოცემის პერიოდისათვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები წლის გეგმის 32.4%-ს შეადგენდა, მათ შორის არასაგადასახადო და არაფინანსური აქტივების კლებიდან 5 თვის გეგმა 55.4%-ით იყო შესრულებული, წლიურთან მიმართებაში კი გეგმის შესრულება 20.9 %-ს შეადგენდა. 
ბატონი ამირანი ინტერვიუში ,,სიანტერესო და სასაცილო“ ფაქტზეც საუბრობს. კერძოდ, ლანჩხუთის დღევანდელმა საკრებულოს თავმჯდომარემ მის მიერ 2014 წლის მაისში გამოცემული „ბრძანებულება“ გააუქმა, რაც აბსურდულია, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ბრძანებულების გამოცემა საკრებულოს თავმჯდომარის კომპეტენციის სფეროს სცილდება. ვინაიდან, ბრძანებულება სახელმწიფოს მეთაურის მიერ გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტია რაიმე მნიშვნელოვანი საკითხების მოსაწესრიგებლად თუ გადასაწყვეტად. 
რაც შეეხება სამჯერ მოგებულ საქმეს, დავაზუსტებთ, რომ პირველ ორ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ გააუქმა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და შეწყვიტა საქმისწარმოება დაუშვებლობის მოტივით, რადგან საკითხის მოწესრიგება თვითმმართველობის ორგანოების კომპეტენციაში შედიოდა. 
რედაქციის მიერ გავლებულ პარალელებს შორის კი არანაირი მსგავსება არ არის, გამომდინარე იქედან, რომ ჩვენს რეალობაში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ არარად ცნო წინა საკრებულოს მიერ გამოცემული ბრძანება და ეს არ გახლდათ ბრძანება სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე. 
აქვე დავსძენთ, უპრიანი იქნებოდა, ინკოგნიტო ინტერვიუერს იმავე ნომერში მეორე მხარისთვისაც დაეთმო ფართი და აღნიშნულ საკითხზე მისი პოზიციაც დაეფიქსირებინა. 
პ.ს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო კიდევ ერთხელ დიდ პატივისცემას გამოხატავს კოლეგების მიმართ და ემიჯნება მათი მისამართით ყოველგვარი შეურაცხმყოფელი განცხადებების გავრცელებას. უმჯობესი იქნება არსებული დავა სამართლებრივი გზებით გადაწყდეს.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია