11 | 12 | 2018

გამოხმაურება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომაზე

 

19 ნოემბერს, „გურია ნიუსის“ ვებ.გვერდზე გამოქვეყნდა სტატია სათაურით „არის თუ არა დეპუტატთა ინტერესები ინფრასტრუქტურის სამუშაოებში“, რომელიც საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომას ასახავს.
საკითხებში უკეთ გარკვევის მიზნით გვსურს რამდენიმე დეტალი დავაზუსტოთ.
თავდაპირველად აღვნიშნავთ, რომ მხოლოდ ახალი ხელისუფლების დროს გახდა შესაძლებელი გორგასლის ქუჩაზე ასფალტის დაგება და სანიაღვრე არხების გაყვანაც, ხოლო ფრაქციის სხდომაზე ნახსენებ ტერიტორიაზე კი სანიაღვრე არხების გაყვანა 2016 წლისთვისაა დაგეგმილი. 
შიდა სასოფლო გზების მოხრეშვასთან დაკავშირებით გვინდა განვმარტოთ, რომ მსგავსი პროექტები სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ფინანსდება. დასაფინანსებელი პრიორიტეტების შერჩევა ხდება სოფლის კრებაზე, რომელსაც სოფლის მოსახლეობასთან ერთად გამგებლის წარმომადგენელიცა და დეპუტატიც ესწრებიან. დგება შეხვედრის ოქმები, რომლებიც დაცულია გამგეობის ადმინისტრაციულ სამსახურში. ოქმში მოსახლეობის ხელმოწერებით დადასტურებულია სოფლის გზის ორმოვანი შეკეთება. 
აკეთის ნაპირსამაგრ სამუშაოებთან დაკავშირებით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ განცხადება უკვე გააკეთა, თუმცა ამჯერადაც ვაზუსტებთ: სატენდერო წინადადებით გათვალისწინებული მოთხოვნები შპს "ვლადნეფტპროდუქტმა" დააკმაყოფილა. შეგახსენებთ, რომ იუსტიციის სამინისტრომ 2015 წლის 21 მაისს დაარეგისტრირა შპს "ვლადნეფტპროდუქტის" წარმომადგენლობა საქართველოში სამართლებრივი ფორმით: უცხოური საწარმოს ფილიალი. რეგისტრაციის დროს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ბუნებრივია, ამოწმებს ყველა იმ დოკუმენტაციას, რაც აუცილებელია ფილიალის დაფუძნებისთვის (მ.შ. დოკუნმენტაცია საწარმოს ქმედუნარიანობასა და უფლებაუნარიანობაზე). ფირმამ რეგისტრირების დროს წარმოადგინა: უძრავი ნივთის მესაკუთრის თანხმობა, შპს "ვლადნეფტპროდუქტის" სადამფუძნებლო დოკუმენტები თარგმანებთან ერთად და წარმომადგენლობის გადაწყვეტილება.რაც შეეხება გამოცდილებას, შპს "ვლადნეფტპროდუქტმა" წარმოადგინა 2013 წლის 20 ივნისს შპს "ეკოსფერასთან" გაფორმებული ხელშეკრულება #04/48, რომლითაც ირკვევა, რომ მას შესრულებული აქვს სახელმწიფო პროექტი, კერძოდ, მდინარე კიზიდკას ნაპირსამაგრი სამუშაოები, ღირებულებით 194 მლნ. 11 7 ათასი რუბლის ოდენობით (რაც იმ დროისთვის მოქმედი კურსის თანახმად, 6 მლნ. 993 453 ლარია).

სატენდერო კომისიის მიერ გადამოწმდა აღნიშნული ინფორმაცია და შპს "ვლადნეფტპროდუქტის" წარმომადგენლობას საქართველოში მოსთხოვეს პროექტში სახელმწიფოს მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომლის პასუხადაც მიმწოდებელმა წარმოადგინა სახელმწიფოსთან გაფორმებული ხელშეკრულება #127/53, 04.06.2013 წელი) და სახელმწიფოს მიერ ამ სამუშაოს მიღების დამდასატურებელი აქტები (კერძოდ, მიღება-ჩაბარების აქტი). სამუშაო ჩაბარდა 2014 წლის 5 დეკემბერს.

„გურია 2015“-თან დაკავშირებით აღვნიშნავთ, რომ კომპანიამ სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შემსრულებლების შერჩევის მიზნით სამუშაო ჯგუფს წარმოუდგინა დოკუმენტაცია, რომლიდანაც ირკვევა, რომ ორგანიზაციას აქვს შესაბამისი გამოცდილება. მას სამუშაოები შესრულებული აქვს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტშიც. შესაბამისი სამსახურების (ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურების) ინფორმაციით სამუშაოები შესრულებული აქვს ხარისხიანად და ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში. 
დეპუტატ გოგუაძის მიერ გაკეთებული განცხადება, თითქოს ფირმა წინათ დისკვალიფიკაციის გამო ე.წ. შავ სიაში უნდა შესულიყო და შემდეგ მისთვის სხვა სამუშაოები არ უნდა მიეცათ, აბსურდულია. საქმე იმაშია, რომ „გურია 2015-ს“ შუხუთში კონკრეტულ სამუშაოზე გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი ელექტრონულად ატვირთული არ ჰქონდა, რის გამოც მიეცა დისკვალიფიკაცია, თუმცა „შესყიდვების შესახებ კანონის“ თანახმად, დისკვალიფიკაცია არ ითვალისწინებს ფირმის შავ სიაში შეყვანას. „გურია 2015-მა“ სხვა დროს და სხვა სამუშაოებზე გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია ატვირთა და როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სამუშაოები ხარისხიანადაც შეასრულა კიდეც.
ამას გარდა, როცა გოგუაძე გამოთქვამს „გარკვეულ პრეტენზიებს“ ჩოლობარგში, საზოგადოებრივი ცენტრის რემონტის თაობაზე, გვინდა აღვნიშნოთ, რომ მეწარმემ თავისი სურვილით, თავისივე თანხით ჩაატარა კოსმეტიკური რემონტი, რის გამოც დაიზოგა ბიუჯეტის თანხა. საკითხავი და საეჭვო ისაა, სწორედ აღნიშნულ ტერიტორიაზე რა მიწისქვეშა სამუშაოები ჩაატარეს გია გოგუაძის გამგებლობის დროს, რომლის ღირებულება 90 ათასი ლარია (!).
ვერაფრით მივიღებთ პრეტენზიას იმ ადამიანისაგან, რომელმაც თავის დროზე „გურიას“ ძალიან ცნობილი სტადიონის დაშლაში 800 ათასი ლარი დახარჯა, ხოლო მისი რეკონსტრუქცია მხოლოდ ახალი ხელისუფლების დროს გახდა შესაძლებელი და რომელიც ბანკიდან აღებული ვალებით პრემიებს უწერდა საკუთარი ოჯახის წევრებს. 
აქვე გვინდა განვმარტოთ, რომ საკრებულოს წევრთა ბრალდებას იმასთან დაკავშირებით, რომ დეპუტატები არ იყვნენ ინფორმირებულები შემსყიდველი ორგანიზაციების თაობაზე, გვინდა შევახსენოთ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 54-ე მუხლის 1-ელი პუნქტის „გ.ვ“. ქვეპუნქტი, რომლის შესაბამისად, გამგებელი „არაუგვიანეს თებერვლისა საკრებულოს უგზავნის შესყიდვების გეგმის შესაბამისად წინა წელს განხორციელებული შესყიდვების შესახებ ანგარიშს; ახორციელებს შესყიდვებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით“.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია