14 | 12 | 2018

საკრებულომ გამგეობას 2016 წლის ბიუჯეტის პროექტი დაუბრუნა

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსისა“ და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად მოეწყო 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა.
პროექტი გამოქვეყნებულ იქნა მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე, ასევე გაზეთ „ლანჩხუთის მოამბე“-ში. 
საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების მიერ მოეწყო ბიუჯეტის პროექტის
განხილვა. საკრებულოს წევრებმა მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელებთან და პასუხისმგებელ პირებთან ერთად საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის გაფართოებულ სხდომაზე დეტალურად იმსჯელეს ბიუჯეტის პროექტთან
დაკავშირებით.
მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტი მისი განხილვის პროცესში შემოსული სათანადო შენიშვნებით, წინადადებებითა და რეკომენდაციებით აღმასრულებელ ხელისუფლებას 25 ნოემბერს დაუბრუნა.

წარმოგიდგენთ აღნიშნულ შენიშვნებს:

- წარმოდგენილ პროექტს არ ერთვის „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად შედგენილი ადგილობრივი ბიუჯეტის ყველა შემოსულობების საპროგნოზო
მაჩვენებლების დასადგენად მომზადებული დასაბუთებული გაანგარიშებები. კერძოდ, ბიუჯეტის პროექტს შემოსავლით ნაწილში არ ახლავს იმ საპრივატიზაციო ობიექტების
ჩამონათვალი, რომლის საფუძველზეც უნდა მოხდეს არაფინანსური აქტივების ზრდა. ასევე შემოსავლით ნაწილში არ არის დაფიქსირებული, თუ რომელი ობიექტებიდან ველოდებით მოსაკრებელს ბუნებრივი რესურსების სარგებლობისთვის. ყოველივე
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მუნიციპალიტეტის საკრებულო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს რამდენად შეესაბამება წარმოდგენილ პროექტში ასახული საპროგნოზო მაჩვენებლები რეალობას.

-წარმოდგენილ პროექტს არ ერთვის „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი მხარჯავი დაწესებულებების მიერ
წარმოდგენილი საბიუჯეტო განაცხადები. ასევე სათანადოდ არ მომხდარა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირებსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის განხილვა მათ მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტების, რაც ნათლად ჩანს მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ წარმოდგენილ ბიუჯეტის პროექტში.

- ბიუჯეტის პროექტში არ არის გათვალისწინებული შენობების ტექნიკური პასპორტებისა და მიწის საკადასტრო ნახაზების დამზადების და საინფორმაციო საშუალებების გამოქვეყნების საკმარისი ხარჯები.

-ბიუჯეტის პროექტში არ არის გათვალისწინებული მუნიციპალიტეტის
საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების მიერ ინიცირებული პროექტი, რომელიც ეხება სამება-ჯიხეთის დედათა მონასტრის სამონასტრო კომპლექსის ინფრასტრუქტურის მოწყობას.

- ბიუჯეტის პროექტში არ არის ასახული ხარჯი, რომელიც ითვალისწინებს
მაჟორიტარი დეპუტატებისთვის ტერიტორიულ ერთეულებში ელემენტარული სამუშაო
პირობების მოწესრიგებას.

- ბიუჯეტის პროექტში ასახულია ა(ა)იპ საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთის გურიის“
დაფინანსება 1 200 000 ლარით, რაც დეპუტატთა უმრავლესობის შეხედულებით მიუღებელია, რადგანაც ბიუჯეტში ადგილობრივი შემოსავლები განსაზღვრულია 3266000 ლარით და აღნიშნული თანხის 37%-ის მიმართვა კლუბის დასაფინანსებლად იწვევს სხვა პრიორიტეტული სფეროს არასაკმარის დაფინანსებას. აქედან გამომდინარე
დასაზუსტებელია ა(ა)იპ საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთის გურიას“ დაფინანსების
ხარჯები.

- ბიუჯეტის პროექტში არ არის გათვალისწინებული განადგურების პირას მყოფი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნებისათვის საჭირო თანხები.

მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვებმა ცხადყო, რომ
გამგეობის მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტი საჭიროებს შემდგომ დახვეწას,
დამუშავებას, საჯაროდ განხილვის დროს გამოთქმული შენიშვნების, წინადადებების
მაქსიმალურად გათვალისწინებას.

 

 

 

 

 

 

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია