17 | 12 | 2018

„გურიის მოამბის“ ვებ.გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიის პასუხად

„გურიის მოამბის“ ვებ.გვერდზე გამოქვეყნდა სტატია სათაურით: "სადაც ფული ტრიალებს, იქაც ჩვენი გამგებელი"- ჩხაიძე ურშაძის წინააღმდეგ“
სამწუხაროდ, ბოლო დროს აღვირახსნილი კამპანია წარმოებს საფეხბურთო კლუბ „გურიასა“ და მისი ხელმძღვანელობის მიმართ. ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ ადგილობრივი ოპოზიციის წარმომადგენლები ბრალდებებს უყენებენ ლანჩხუთის გამგებელ ზაზა ურუშაძეს, რომელიც კლუბის პრეზიდენტი კი გახლავთ, მაგრამ არანაირად მონაწილეობს მის მართვაში, მით უფრო ფინანსურ საქმინობაში. ამ საკითხებს კლუბის აღმასრულებელი და ფინანსური დირექტორები წყვეტენ.
ამასთან, ამდენი ბრალდების ფონზე ძალიან საინტერესოა ეს ადამიანები რატომ არ ინტერესდებიან კლუბის რეალური ფინანსური საქმიანობით, რომელიც მთლიანად გამჭვირვალეა და პერიოდულად აუდიტორული შემოწმება-კონტროლიც უტარდება.
უკვე მერამდენედ მოვუწოდებთ იმას, ვისაც რეალური სიტუაცია აინტერესებს, მოვიდეს კლუბის ოფისში და ყოველი გახარჯული თეთრის ანგარიშს მივაწვდით.
თუმცა ის ფაქტი, რომ ეს ადამიანები ამ უსაფუძვლო პრეტენზიებს უყენებენ არა კლუბის მმართველ დირექტორატს, არამედ ლანჩხუთის გამგებელს, მიუთითებს ამ განცხადებების პოლიტიკურ მიმართულებებზე.
რაც შეეხება ზაზა ურუშაძის, როგორც კლუბის პრეზიდენტის საქმიანობას, ეს გამოიხატება მისი „გურიისადმი“ მხარდაჭერით, რამაც უზრუნველყო ცენტრალურ სტადიონზე თანამედროვე გასახდელების, საშხაპეების, ოფისისა და ლოჟის მოწყობა, ტრიბუნაზე ინდივიდუალური სკამების დამონტაჟება, სტადიონთან მისასვლელი გზის მოასფალტება, გრიგოლეთის ბაზის ლანჩხუთის საკუთრებაში გადმოტანა და იქ თანამედროვე საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის პატრონაჟი.
რა თქმა უნდა, სასაცილოა, ზაზა ურუშაძეს, რომელიც თამაშებს კი არა, გუნდის ვარჯიშებსაც ესწრება, ფეხბურთისა და კერძოდ, „გურიას“ სიყვარული დაუწუნონ ადამიანებმა, რომლებისთვისაც ლანჩხუთის „გურია“ მხოლოდ სახელია და სხვა არაფერი. ზოგს სტადიონზე ქუდიც რომ შეუგდო, ვერ შეიყვან და დემაგოგიას ეწევიან გუნდის დაფინანსებაზე, რასაც არა გამგებელი, არამედ კოლეგიალური ორგანო საკრებულო ამტკიცებს. ამ ადამიანებს იმის თავხედობაც ჰყოფნით, რომ ბანკის პროცენტიანი ვალების ზაზა ურუშაძეს დააბრალონ, მაშინ, როცა ბოლო საბანკო სესხი კლუბის მიერ 2011-2012 წლებში იქნა აღებული, ზაზა ურუშაძე კი ლანჩხუთის გამგებელი 2013 წლის იანვარში გახდა.
აქვე აღვნიშნავთ, რომ უხერხულია სხვისგან ფულის სიყვარულზე საუბრობდეს ადამიანი, რომელიც იმის გამო, რომ თანამდებობა ჰქონოდა, უკვე ღიად შეეკრა ნაციონალებს. სხვა თუ არაფერი, ვერ მივიღებთ პრეტენზიებს იმისგან, ვისაც სოფელი იქით დებს ბრალს მაქინაციებსა და გარიგებებში. სასაცილოც კია ელგუჯა ჩხაიძისაგან კრიტიკის მოსმენა, რადგან ეს არის ადამიანი, რომელმაც სწორედ პირადი გამორჩენის გამო რამდენჯერმე შეიცვალა პოლიტიკური კურსი და ბოლოს იმათთან მივიდა, რომლებთანაც, როგორც ჩანს, ბევრი საერთო აღმოაჩინა.
სავალალოა, რომ საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე იმდენად ვერ ერკვევა საკითხებში, რაც მეტად ილანძღება, მით მეტად იმცირებს თავს და თავის უვიცობას ავლენს. საინტერესოა, ბოლოს როდის დაესწრო „გურიას“ თამაშს ელგუჯა ჩხაიძე? ან ბოლოს როდის ჩაიხედა კლუბის ფინანსებში? მოითხოვა კი საერთოდ საჯარო ინფორმაცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით? და თუ მას არ ჰყოფნის საიმისოდ კომპეტენცია, რომ ფინანსურ საკითხებში ერკვეოდეს, მოეწვია პროფესიონალი, რომელიც ყველაფერში კარგად გაარკვევდა.
სწორედ ამიტომ ვთვლით, რომ მისი დამოკიდებულება გამგებელ ზაზა ურუშაძისადმი და ის ცრუ და ყალბი ბრალდებები, რომელსაც მისი მხრიდან აქვს ადგილი, მხოლოდ და მხოლოდ პირადი დაპირისპირების შედეგია და სხვა არაფერი. საკითხავია, განა ზაზა ურუშაძე არაა ის ადამიანი, რომელსაც ელგუჯა ჩხაიძე სულ ცოტა ხნის წინ საქვეყნოდ აქებდა?!
სამწუხაროა, რომ ადამიანი, რომელსაც პოლიტიკოსობაზე აქვს პრეტენზია, პირადი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს და მას როგორც საფეხბურთო კლუბის, ასევე სრულიად მუნიციპალიტეტის ბედი ნაკლებად აღელვებს.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია