19 | 12 | 2018

ყველაფერი ისე იყო, როგორც დიდ თეატრში

დაახლოებით 60 წელს მიღწეული ქვრივი პენსიონერი პედაგოგი ქალბატონი ნუნუ (თეკლე დვალიშვილი) მთელ თავის ქონებას ახალგაზრდა წყვილს, ლელასა (ლელა ჭეიშვილი) და კობას ((პაატა კაცაძე) უტოვებს, თუმცა წყვილი იჩქარებს და ნუნუ დეიდას გულის შეტევის დროს, ვალიდოლის ნაცვლად ნაფტალინს დაალევინებს, რის შედეგადაც ნუნუ გარდაიცვლება.
სწორედ ამის შემდეგ იწყება ნუნუს მოგზაურობა და თავგადასავალი საიქიოში, სადაც თავის მეუღლეს, რეზოს (გრიგოლ ჯაფარიძე), ვასილ პავლოვიჩ მჟავანაძეს (ირაკლი კალანდარიშვილი), ვლადიმერ ულიანოვს (გურამ იმნაძე), წმინდა ილარიონს (გია ხუხუნაიშვილი), ეშმაკს (მარი ზარიძე), პატარა ნიკას (ნიკოლოზ თადუმაძე), ჭინკებს (თამუნა მოისწრაფეშვილი, მაირამ სურმანიძე, მირანდა ცეცხლაძე, ეკატერინე სანიკიძე, ინგა სარჯველაძე, ლიკა ებრალიძე), ჯონდოს (ვაჟა გობრონიძე).
აი, ასეთია მოკლე შინაარსი ლაშა ბუღაძის პიესისა, "ნაფტალინი", რომლის პრემიერა გუშინ ლანჩხუთის ეგნატე ნინოშვილის სახელობის სახალხო თეატრის სცენაზე შედგა.
სპექტაკლის რეჟისორი, ახალგაზრდა, ნიჭიერი ადამიანი,ლანჩხუთის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების თანამშრომელი, ბათუმის სახელმწიფო თეატრის მსახიობი დავით წერეთელია. სპექტაკლის ქორეოგრაფია ეკუთვნის ასევე ახალგაზრდა და ნიჭიერ ქორეოგრაფს ირაკლი ჩახვაძეს, სპექტაკლის მხატვარია შოთა ჭყონია, ტექნიკური რეჟისორი - ნანა ორაგველიძე. 
დარბაზი მაყურებლით სავსე იყო. სპექტაკლს მონატრებული ლანჩხუთელები მოუთმენლად ელოდნენ რაღაც ახალსა და უჩვეულოს. მოლოდინმა გაამართლა კიდეც. მაყურებელი ყველა მსახიობის გამოსვლას ტაშითა და ოვაციით ხვდებოდა.
გუშინ ლანჩხუთში სპექტაკლის პრემიერა ნამდვილად შედგა და გვაქვს მოლოდინი, რომ წინ უამრავი კარგი დღე გველოდება რეჟისორისა და მსახიობების შემწეობით.
სპექტაკლს ბათუმის სახელმწიფო თეატრის მსახიობები: ზაზა ზოიძე, ნატო ღლონტი, ტიტე კომახიძე, ხათუნა კარასნაპოლსკი და გიორგი ფირცხალაიშვილიც ესწრებოდნენ. სპექტაკლის დასასრულს ჩვენ მათი აზრით დავინტერესდით.
ზაზა ზოიძე: ვერავინ იფიქრებს, რომ ეს ადამიანები პროფესიონალი მსახიობები არ არიან და მათ გარდასახვის ხელოვნება არ უსწავლიათ. რა უნდა გითხრათ, ეს იყო ნამდვილი ზეიმი და დიდი მადლობა ყველას, დათოსა და მსახიობებს ამ დღისთვის. მადლობა მაყურებელსაც, რომელმაც ძალიან კარგად მიიღო სპექტაკლი.
ნატო ღლონტი: ეს იყო ნამდვილი დღესასწაული და ძალიან მიხარია, რომ ლანჩხუთს ასეთი კარგი დასი ჰყავს. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო მაყურებლის რეაქცია თითოეული მსახიობის გამოჩენაზე. ეს იყო ორმხირივი სიყვარული მაყურებელსა და მსახიობებს შორის.
დავით წერეთელი, სპექტაკლის რეჟისორი: დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, რომელიც ამ ხნის მანძილზე გვერდით მედგა და რომლის მხარდაჭერითაც შედგა სპექტაკლი, მსახიობებიდან დაწყებული, სცენის მუშით დამთავრებული, ყველას დიდი მადლობა. მადლობა ადგილობრივ ხელისუფლებას, რომელმაც ნამდვილად დაგვიჭირა მხარი, ასევე ბათუმის სახელმწიფო თეატრს და რაც მთავარია, მის უდიდებულესობა მაყურებელს.
პ.ს. ბოდიშს ვუხდი ადამიანებს, რომ ეს სტატია მთავარი გვერდიდან აღებულია, ეს გარკვეულმა მიზეზებმა გამოიწვია, თუმცა აქ დავდებ და ამით გამოვხატავ ჩემ პატივისცემას ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელმაც გუშინდელი დღე გვაჩუქა.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია