14 | 12 | 2018

ოთხ დეკემბერს ჯიხეთში ტაძრის დღესასწაული აღინიშნება

ოთხ დეკემბერს ქრისტიანული სამყარო ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულს აღნიშნავს.
ყრმა მარიამი ღვთის მადლით ცხებული და მშობლების მზრუნველობით გარემოცული იზრდებოდა და განმტკიცდებოდა. გადმოცემა მოგვითხრობს, რომ სამი წლის მარიამი მშობლებმა ტაძარში მიიყვანეს. იოაკიმე და ანნა თანამხლებლებთან ერთად ტაძარს მიუახლოვდნენ, ხელში ეპყრათ სამი წლის ასული - მიმადლებული მარიამი. უბიწო ქალწულთა დასი მიაცილებდა მას, ნაცნობები და ნათესავებიც თან მისდევდნენ. - ყველა ანთებული სანთლებით ხელში ისწრაფოდა, რომ ქალწული მარიამის, მოხუცებული მშობლების ერთადერთი შვილის, ტაძრად მიყვანებაში წილი დაედო და წმინდა საგალობლებსაც აღავლენდნენ. მათთან შესახვედრად ტაძრიდან ღვთისმსახურები გალობით გამოვიდნენ, მღვდელმთავარი ზაქარია წინ უძღოდა მათ.
კიბე, რომელიც ტაძარში შედიოდა, 15 საფეხურისაგან შედგებოდა, იმ ფსალმუნთა რიცხვის მიხედვით, რომლებსაც ღვთისმსახურნი და ლევიტელნი თითოეულ საფეხურზე გალობდნენ - ტაძარში შესვლისას. მართალთა მშობელთა ღვთისათა ქალწული მარიამი პირველ საფეხურზე დააყენეს. დამსწრეთა განსაცვიფრებლად სამი წლის მარიამმა სხვათა დაუხმარებლად სწრაფად და მხნედ აიარა კიბე და ბოლო საფეხურამდე ავიდა. აქ მას ღვთისმსახურებით გარშემორტყმული მღველთმთავარი ზაქარია დაუხვდა. მან იგი არ დააყოვნა კიბეზე, სადაც ჩვეულებისამებრ მლოცველები დგებოდნენ, არამედ პირველი და მეორე კრეტსაბმელის გავლით ტაძრის სიღრმეში შეიყვანა - ე.წ. „წმიდათა წმიდაში“. აქ შესვლის უფლება არ ჰქონდათ არა მარტო ქალებს, არამედ ღვთისმსახურებსაც, თვით მღვდელთმთავარი წელიწადში მხოლოდ ერთხელ, ხანგრძლივი მარხვის და ლოცვის შემდეგ შედიოდა, რათა საკუთარი და ხალხის ცოდვები სამსხვერპლო ცხოველის სისხლის პკურებით განეწმინდა, მაგრამ ეს ღვთის შთაგონებით მოხდა. ღვთისმშობელი შევიდა წმიდათა წმიდაში, ისევე, როგორც წარსულში აღთქმის კიდობანი, რომელიც კაცობრიობის მხსნელის - ქრისტეს დედის წინასახეს წარმოადგენდა.
მღვდელმთავარმა, როდესაც ქალწული მარიამი ღვთივჩაგონებით წმიდათა წმიდაში შეიყვანა, მას იქ სალოცავად ადგილი მიუჩინა. სხვა ქალწულებს, რომლებსაც სიყრმიდანვე სალოცავად მოიყვანდნენ ხოლმე, ტაძართან მიახლოება სასტიკად ეკრძალებოდათ, მათ არ აკარებდნენ ეკლესიასა და საკურთხეველს შორის მდებარე ადგილს, სადაც შემდეგ ზაქარია მოკლეს.
მოხუცებულმა მშობლებმა, როდესაც ასული ზეციური მამის ნებას მიანდეს, მას სამადლობელი მსხვერპლი შესწირეს და სახლში დაბრუნდნენ. აქებდნენ და ადიდებდნენ უფალს, საყვარელ ასულთან გამოთხოვების გამო არ ტიროდნენ, არც მარტოობის დარდი აწუხებდათ და არც მათი სიხარულის საგანთან განშორება. ისინი მადლობას უძღვნიდნენ ღმერთს, რომელმაც მოხუცებულობის წლებში ღვთაებრივი საჩუქარი მიჰმადლა მათ, ხარობდნენ, რომ ღირსნი გახდნენ, ეს საჩუქარი მისთვის მიეძღვნათ, ვინც ადამიანთა მოდგმას ნუგეში და სიხარული შეაცნობინა.
სწორედ ამ დღესასწაულის სახელობისაა ჯიხეთის ტაძარი, სადაც ყოველი წლის ოთხ დეკემბერს განსაკუთრებით აღინიშნება ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება. 
წელს ტაძარში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა მეუფე იოსებმა აღავლინა. წირვას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძე და საკრებულოს თავმჯდომარე გოგი ხელაძეც დაესწრნენ.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია