24 | 01 | 2018

სკოლამდელი სააღმზრდელო ცენტრის მუშაობა საუკეთესოდ შეფასდა

 

მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში სკოლამდელი სააღმზრდელო ცენტრის 2011 წლის ანგარიში მოისმინეს, რომელსაც ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე რევაზ ჩიტიძე, გამგებელი გიორგი გოგუაძე, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, სკოლამდელი სააღმზრდელო ცენტრის კოლექტივი.

 

ცენტრის დირექტორმა ნინო ხალვაშმა  აღნიშნა, რომ  2011 წლის ბიუჯეტი შეადგენდა 612330 ლარს. დღეისათვის 700 აღსაზრდელს 179 თანამშრომელი ემსახურება. 478 იხდის ყოველთვიურ შემონატანს, ხოლო სხვადასხვა კატეგორიის 220 ბავშვი გათავისუფლებულია გადასახადისგან.  მანვე დეტალურად ისაუბრა ხარჯებზე, მათ მიერ მოწყობილ ღონისძიებებზე და იმ საკითხებზე, რომელთა მოგვარებას მომავალ წელს გეგმავს.

ნინო ხალვაშის თქმით, 2007 წლიდან ზრდის ტენდენცია შეინიშნება, სკოლამდელი აღზრდა ყოველთვის იყო ადგილობრივი ხელისუფლების პრიორიტეტი,  ცენტრის დირექტორმა მადლობა გადაუხადა ადგილობრივ ხელისუფლებას თანადგომისთვის და ბაღებისთვის ინვენტარის საკითხში დახმარება ითხოვა.

რევაზ ჩიტიძემ მადლობა გადაუხადა ნინო ხალვაშს ასეთი კარგი პრეზენტაციისთვის და შემდგომი წარმატებები უსურვა. აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტროდან უახლოეს დღეებში 200 საწოლი გადაეცემათ. მომავალ წელს დაგეგმილია ჯურუყვეთის შენობის რემონტი, ასევე სხვა შენობების მიმდინარე რემონტი, თუმცა ეს საკმარისი არ არის. მომდევნო წლებში მთლიანად მოწესრიგდება ბაღების მატერიალურ–ტექნიკური ბაზა.

გამგებლის, გიორგი გოგუაძის თქმით,  ყველამ დაინახა, რომ წარმატებული პროექტია. რამდენიმე სოფლიდან არის მოთხოვნა ჯგუფების გახსნის, რაც თავისთავად პედაგოგების დამატებას გამოიწვევს. სასიამოვნო სიახლეა ის, რომ მომავალი წლიდან ყველა თანამშრომელი სადაზღვევო პაკეტში ჩაერთვება. გამგებელმა სკოლამდელი სააღმზრდელო ცენტრის მუშაობა საუკეთესოდ შეაფასა და მადლობა გადაუხადა ყველა თანამშრომელს.

მოსმენას სიურპრიზი ახლდა _ დარბაზში პატარები შემოვიდნენ და რამდენიმე ნომრით გაახალისეს დამსწრენი. ყველა ერთხმად აღნიშნავდა, რომ მეტად სასიამოვნო შეხვედრა გამოვიდა.


 

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა