17 | 12 | 2018

ომის ვეტერანებს ახალი წელი მიულოცეს

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელს, ზაზა ურუშაძეს წინასაახალწლოდ არც მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში დაღუპულთა ოჯახები დავიწყებია.
ლანჩხუთში ამ სტატუსის მქონე სულ 33 ადამიანია. თითოეულ მათგანს წინასაახალწლოდ საჩუქრად 100-100 ლარი გადაეცა.
ორი მათგანი კი ზაზა ურუშაძემ პირადად მოინახულა.
91 წლის ევგენი გვარჯალაძე შუხუთში ცხოვრობს. მიუხედავად ასაკისა, საკმაოდ მხნედ გამოიყურება და არც იუმორთანაა მწყრალად. გამგებელს მასთან სტუმრობისას თან სოციალური სამსახურის უფროსი თამარ ფირცხალაიშვილი და ამავე სამსახურის მთავარი სპეციალისტი ირმა ხურციძე ახლდნენ. ბატონმა ევგენიმ გამგებელს საგულდაგულოდ შენახული დოკუმენტები და გაზეთებიდან ამონარიდები დაათვალიერებინა და სტუმრებს ტკბილეულითაც გაუმასპინძლდა.
- თქვენ გაიხარეთ და მრავალ ბედნიერ ახალ წელს დაესწარით. არ გავიწყდებით და ეს მხნეობას მმატებს, გილოცავთ დამდეგ ახალ წელს და ბედნიერებას გისურვებთ, - დაგვლოცა 91 წლის ევგენი გვარჯალაძემ.
ამის შემდეგ ზაზა ურუშაძე ლანჩხუთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში დაღუპული ვაჟკაცის, ზაალ მდინარაძის დედას, ზეინაბ მდინარაძეს ესტუმრა.
- თქვენი დანახვა ტკივილებს მავიწყებს. ძალიან მახარებთ და სიცოცხლის ხალისს მმატებთ. მიხარია, რომ ჩემ ლანჩხუთს ასეთი ყურადღებიანი გამგებელი ჰყავს. დაგლოცოთ ღმერთა და გაგახაროთ, - ტკბილი სიტყვებით გამოგვაცილა ქალბატონმა ზეინაბმა.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია