11 | 12 | 2018

„გურიის მოამბე“ მორიგ დეზინფორმაციას ავრცელებს

„გურიის მოამბე“ მორიგ დეზინფორმაციას ავრცელებს. გამომცემლობის ფანტაზიას საზღვარი არა აქვს.
დღეს გავრცელებულ სტატიაში ლანჩხუთის გამგებელი:"რა ვიცოდი მეტრანახევარი თოვლი თუ მოვიდოდა", რომელიც გამომცემლობის ვებ.გვერდზე გამოქვეყნდა, წერია, რომ თითქოს მუნიციპალიტეტის გამგებელს ჩოჩხათის მოსახლეობისთვის დახმარებაზე უარი ეთქვას. „როგორც "გურიის მოამბეს" ჩოჩხათში მცხოვრებლები უყვებიან, ორი წლის ბავშვი სასწრაფოდ გახდა საავადმყოფოში გადასაყვანი, რის გამოც საშველად მუნიციპალიტეტის გამგებელს დაუკავშირდნენ, რადგან თემში, რომელშიც ცხრა სოფელი შედის, თოვლის გამო მისასვლელი გზა არ არის.
მოსახლეობის თქმით, გამგებელმა მათ დახმარებაზე უარი უთხრა..." - აღნიშნულია სტატიაში.
გვინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელს, ზაზა ურუშაძეს აღნიშნული პრობლემის შესახებ არავინ დაკავშირებია.
უფრო მეტიც, სტატიაში ბავშვის ასაკიც არასწორადაა აღნიშნული. ჩვენ დავუკავშირდით გამგებლის წარმომადგენელს ჩოჩხათში, რევაზ ფაცურიას, რომლის თქმით, საავადმყოფოში გადასაყვანი იყო ექვსი თვის ბავშვი.
„ტრაქტორი მოვიყვანეთ და ჩვენ ერთობლივი ძალებით შევძელით საავადმყოფოში ბავშვის გადაყვანა. გამგებელს რატომ უნდა დაკავშირებოდა ვინმე, როცა პრობლემა თავად მოვაგვარეთ“ - გვითხრა წარმომადგენელმა.
რაც შეეხება საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატს ჩოჩხათიდან, ალექსანდრე სარიშვილის ინფრომაციით, ექვსი თვის ლანა მარშანიშვილი მართლაც საჭიროებდა საავადმყოფოში გადაყვანას:
„ტრაქტორი მოვიყვანეთ და შევძელით ბავშვის გადაყვანა ფოთში,“ - გვითხრა საკრებულოს წევრმა.
ჩვენ დავუკავშირდით ბავშვის მამას, ლადო მარშანიშვილს, რომელმაც გვითხრა, რომ მისი ოჯახის არცერთი წევრი გამგებელ ზაზა ურუშაძეს არ დაკავშირებია:
„რას ამბობთ, საიდან მოიტანეთ. შვილებს გეფიცებით ზაზა ურუშაძისთვის არავის დაგვირეკავს. მე დავუკავშირდი სამაშველო სამსახურს, რომელმაც დიდი დახმარება გამიწია. ჩვენს გვერდით იყვნენ გამგებლის წარმომადგენელი ჩოჩხათში რევაზ ფაცურიაც და საკრებულოს დეპუტატი ალეკო სარიშვილიც. ორივეს მინდა მადლობა გადავუხადო. რაც შეეხება ზარს ზაზა ურუშაძესთან, ეს არის სრული სიცრუე. ბავშვი ამჟამად კარგადაა. მადლობა ყურადღებისთვის“ - გვითხრა ლადო მარშანიშვილმა.
ამას გარდა, გვინდა აღვნიშნოთ, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შექმნილია ადგილობრივი ოპერატიული ცენტრი (შტაბი), რომელსაც თავად გამგებელი ზაზა ურუშაძე ხელმძღვანელობს. შტაბს მუდმივად მიეწოდება ახალი ინფორმაციები სოფლებიდან გამგებლის წარმომადგენლების მეშვეობით და ყველა ინფორმაცია თავს იყრის ჟურნალში, რომლის ნახვა ნებისმიერ პირს შეეძლება. შტაბი რეაგირების გარეშე არ ტოვებს არცერთ შემოსულ ინფორმაციას. მუნიციპალიტეტში ასევე შექმნილია სამაშველო ბრიგადები, რომლებიც 24 საათის განმავლობაში მუშაობენ.
ამ ეტაპზე ჩოჩხათში მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები, ხოლო ელექტროენერგია სოფელში აღდგენილია.
„გურიის მოამბის“ მიერ დეზინფორმაციების გავრცელება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და უშუალოდ გამგებლის წინააღმდეგ ახალი არაა. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა არაერთგზის შეეცადა ამ გამოცემასთან ჯანსაღი ურთიერთობა ჰქონოდა, თუმცა ამაოდ. რედაქცია არასოდეს ამოწმებს ე.წ. წყაროს მიერ მიწოდებულ ინფორმაციას გამგეობასთან, რაც ჟურნალისტური ეთიკის კოდექსის აშკარა დარღვევაა.
კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ მიუხედავად ჩვენი სურვილისა, რაკი გამოცემა არ წყვეტს მიზანმიმართულ ანტიკაპმანიას (რაც ერთგვარად დავალებასაც ჰგავს რიგი პოლიტიკური ძალისა და პიროვნებების მხრიდან), აუცილებლად მივმართავთ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას შესაბამისი ზომების გატარებისთვის.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია