15 | 12 | 2018

„გურიის მოამბე“ ახალ სიცრუეს ავრცელებს


ამჟამად საქმე ა(ა)იპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებას ეხება.
„გურიის მოამბის“ ვებ.გვერდზე გამოქვეყნდა სტატია „ლანჩხუთის კულტურის ცენტრში პატარებს საახალწლოდ ვადაგასული შოკოლადები დაურიგეს“.
"გურიის მოამბეს" იმ დღესვე დაუკავშირდა რამდენიმე მშობელი, მათი მტკიცებით, სასაჩუქრე პაკეტში ჩალაგებული სხვადასხვა სახის შოკოლადებიდან, რომელიც პატარებისთვის თავად ცენტრმა შეიძინა, რამდენიმე ვადაგასული იყო“ - აღნიშნულია სტატიაში.
ჯერ ერთი, კონცერტი, რომელზედაც ბავშვებს ტკბილეული დაურიგეს, 28 დეკემბერს ჩატარდა. სტატია კი ვებ.გვერდზე ხუთ იანვარს გამოქვეყნდა, რაც თავისთავად ბადებს ეჭვს. გვიჩნდება კითხვა: აქამდე სად იყო გამოცემა, რატომ თავის დროზე არ გამოააშკარავა ეს ფაქტი, თუკი ის სიმართლის შემცველია?
ჩვენ დავუკავშირდით ინდ.მეწარმე ი. აბშილავას, რომელთანაც ხსენებულ ა(ა)იპ-ს ხელშეკრულება ჰქონდა გამოფრმებული ტკბილეულის მიწოდების თაობაზე.
„იმ ფირმასთან, რომელიც ჩვენ მაღაზიას ამარაგებს ტკბილეულით, ათწლიანი ურთიერთობა გვაქვს. მსგავსი ფაქტი, რომ ვინმე უკმაყოფილო ყოფილიყო ჩვენთან შეძენილი პროდუქტებით, ჯერ არ დაფიქსირებულა“, გვითხრა ინდ. მეწარმემ.
ჩვენ ასევე დავუკავშირდით დისტრიბუტორს, რომელსაც შემოაქვს ტკბილეული. მისი თქმით, ათი წელია ემსახურება ლანჩხუთის მაღაზიებს და ჯერ უკმაყოფილო არავინ ჰყოლია:
„ძალიან გაკვირვებული ვარ იმით, რასაც მეუბნებით. თუ მართლა ასეთი რამ დაიწერა, ეს არის სრული სიცრუე. ჩვენ გვაქვს ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატი, რომელსაც დაინტერესების შემთხვევაში აუცილებლად წარმოვადგენთ. ჩვენ ლანჩხუთის გარდა სხვა ქალაქებშიც გვაქვს კონტაქტები და როგორ ფიქრობთ, ვადაგასულ პროდუქციას რომ ვაწვდიდეთ მომხმარებელს, აქამდე არავინ დაგვაჯარიმებდა? ცუდია, რომ ასეთ ტყუილებს ავრცელებენ“.
ა(ა)იპ კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის, ადელინა კილაძის თქმით, ღონისძიების დასრულების შემდეგ მისთვის მსგავსი პრეტენზიით არცერთ მშობელს არ მიუმართავს. თუკი ვადაგასული შოკოლადები აღმოაჩინეს პარკში, საინტერესოა, რატომ არ მიმართეს ამის თაობაზე უშუალოდ ხსენებულ ა(ა)იპ-ს? ამას გარდა, როგორც ქალბატონი ადელინა ამბობს, ყველა ტკბილეული გადამოწმდა კულტურის ცენტრის თანამშრომლების მიერ, რომ რაიმე პრობლემას ადგილი არ ჰქონოდა:
„საქმე ეხება ბავშვებს, როგორ შეგვეძლო ჩვენ პროდუქცია არ შეგვემოწმებინა და მათთვის ისე მიგვეწოდებინა? ყველაფერი გავაკეთეთ საფრთხის თავიდან ასაცილებლად და პატარების გასახარებლად. ვთვლი, რომ ეს არის მიზანმიმართული ანტიკამპანია უშუალოდ ჩვენი სამსახურის მისამართით. ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა „გურიის მოამბე“ სამსახურსა და მის თანამშრომლებზე დეზინფორმაციას ავრცელებს და ჩვენ დისკრედიტაციას ცდილობს,“ - გვითხრა ქალბატონმა ადელინამ.
ჩვენ მოგვაწოდეს ბავშვებისთვის დარიგებული ტკბილეული. თითოეულ მათგანზე და ასევე ყუთებზე, რომლებშიაც შოკოლადები ეწყო, ნათლად ჩანს ვადა. უნდა ითქვას, რომ არცერთი მოწოდებული პროდუქცია ვადაგადაცილებული არაა. პირიქით, მათ უმეტესობის ვადა 2018 წლამდეც კი აქვს.
ა(ა)იპ „კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებას“ გადაწყვეტილი აქვს მიმართოს სასამართლოს.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია