11 | 12 | 2018

თათბირი გამგებელთან

დიდთოვლობის შემდეგ, რომელმაც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი მნიშვნელოვნად დააზარალა, მუნიციპალიტეტის გამგებელთან, ზაზა ურუშაძესთან დღეს პირველი თათბირი შედგა.
გამგებელი ადმინისტრაციულ ერთეულებში თავის წარმომადგენლებს შეხვდა და დიდთოვლობის შემდგომ ვითარებას გაეცნო.
ამას გარდა, გამგებელმა წარმომადგენლებისგან კატეგორიულად მოითხოვა სოფელში ყველა სოციალურად შეჭირვებული მარტოხელა ოჯახის აღწერა, რათა ადგილობრივი ხელისუფლება შეძლებისდაგვარად დაეხმაროს ასეთ ოჯახებს:
"თითოეულ თქვენგანს მოვთხოვ პასუხს, როგორც კი თქვენ გარეშე გავიგებ, რომ ამა თუ იმ სოფელში მარტოხელა გაჭირვებული ოჯახი ცხოვრობს და პრობლემები აქვს. თქვენ ყველაფერი უნდა იცოდეთ რა ხდება თქვენ სოფლებში, ვის უჭირს, ვის ულხინს" - მიმართა წარმომადგენლებს ზაზა ურუშაძემ.
ასევე გამგებელმა მოითხოვა დაზუსტებული ინფორმაცია იმის თაობაზე, თოვლს რაიმე მნიშვნელოვანი ზარალი ხომ არ მიუყენებია ადმინისტრაციული ერთეულებისათვის.
"განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ საბავშვო ბაღებს. ხშირად იარეთ იქ და გაარკვიეთ რაიმე პრობლემები ხომ არ აქვთ, რამეში დახმარება ხომ არ ჭირდებათ. ეს თქვენი პირდაპირი მოვალეობაა" - განაცხადა გამგებელმა.
გამგებლის ინფორმაციით, იანვრის ბოლოს დაიწყება სოფლის მხარდაჭერის პროგრამებისთვის სასოფლო კრებების ჩატარება:
"მოსახლეობასთან ერთად გამოკვეთეთ პრიორიტეტები, ჩამოწერეთ და კრებაზე ერთად ვიმსჯელოთ რა უნდა გაკეთდეს პირველ რიგში" - უთხრა წარმომადგენლებს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა.
მისივე თქმით, ადგილობრივი ხელისუფლების კატეგორიული მოთხოვნაა, რომ ყველა სამუშაოს შესრულების დროს დასაქმებულები იყვნენ ადგილობრივები.
თათბირის დასასრულს ბატონმა ზაზა ურუშაძემ წარმომადგენლებს მოსთხოვა აეღწერათ სოფლებში არსებული ელექტროგადამცემი ხაზების მდგომარეობა, რომ შემდგომში ინფორმაცია ენერგოპროჯორჯიას მიეწოდოს.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია