15 | 12 | 2018

ზემო აკეთის მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებას შეხვდა

9 იანვარს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძე და პირველი მოადგილე ნუგზარ ცინცაძე აკეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ზემო აკეთში იმყოფებოდნენ.
ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას ელექტრომომარაგების მხრივ წარმოქმნილ პრობლემებზე ესაუბრა.
აკეთს დიდთოვლობის გამო უკვე ერთი კვირაა ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება. განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა ზემო აკეთში, რის გამოც მოსახლეობა უკმაყოფილებას გამოთქვამს.
როგორც ბატონმა ზაზა ურუშაძემ აღნიშნა, დასახმარებლად პირადად მიმართა შესაბამის ინსტანციებს და ამჟამად ადგილზე მუშაობენ „ენერგოპროჯორჯიას“ ბრიგადები. 
მოსახლეობასთან შეხვედრაზე იმყოფებოდა ასევე „ენერგოპროჯორჯიას“ ადგილობრივი ფილიალის წარმომადგენელი ოლეგ იმნაიშვილი, რომელის ინფორმაციით, ორშაბათიდან ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენა-გადატანა დაიწყება. 
გამგებელმა თანხმობა მისცა ფილიალის წარმომადგენელს, გამოიყენოს გამგეობის ბალანსზე არსებული 30 ბოძი. დანარჩენს კომპანია თავად შეიძენს. 
გამგეობის მიერ გადაცემული ბოძების მეშვეობით, ელექტროგამცემი ხაზი, რომელიც მიუვალ ადგილზე მდებარეობს, დამონტაჟდება ცენტრალური გზის გასწვრივ, რაც მომსახურე პერსონალს სარემონტო სამუშაოების ჩატარებას გაუადვილებს. 
გარდა ამისა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოინახულეს ასევე ჭანჭათში დამეწყრილი უბანი, საიდანაც მოსახლეობა უკვე დაყვანილია. დარჩა მხოლოდ ერთი მცხოვრები, რომელიც დღის ბოლომდე დატოვებს აღნიშნულ ადგილს. 
ბატონმა ზაზამ განაცხადა, რომ ოჯახს საჭიროების შემთხვევაში ტრანსპორტით დაეხმარება, ხოლო შესაბამისი სოციალური პროგრამის ფარგლებში, მათ ქირავნობის პროგრამაში ჩართავს. 
დაზარალებული მოსახლეობა ყოველდღიურ პირდაპირ კავშირზეა მუნიციპალიტეტის გამგებელთან.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია