14 | 12 | 2018

რა სამუშაოები ტარდება გრიგოლეთის ზღვის სანაპირო ზოლზე

გრიგოლეთში მიმდინარე ნაპირსამაგრ სამუშაოებთან დაკავშირებით მედიაში არასწორი ინფორმაცია გავრცელდა. ამის გამო გვინდა განვმარტოთ, რომ რამდენიმე წლის წინ წარმოიშვა ზღვის სანაპიროს წარეცხვის პრობლემა სასტუმრო „ანდამატის“ ტერიტორიაზე. ნაპირსამაგრი სამუშაოები ჩატარდა და ზღვისპირა ზოლი გადაურჩა წარეცხვას. ანალოგიური საფრთხის წინაშე დღეს ისევ დადგა გრიგოლეთში სანაპიროს მნიშვნელოვანი ნაწილი.
დღეს ადგილზე ჩავიდა და მდგომარეობას გაეცნო მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე ნუგზარ ცინცაძენ სუფსის ადმინისტრაციული ერთეულის დეპუტატთან ჯუმბერ ბლაგიძესთან ერთად. 
აღნიშნულთან დაკავშირებით დავუკავშირდით საავტომობილო გზების დეპარტამენტის ნაპირდაცვის სამმართველოს ხელმძღვანელობას.
როგორც მათ განგვიმარტეს, სამუშაოები პერიოდულად ხორციელდება მსოფლიოში აპრობირებული მეთოდის გამოყენებით. 
_„ვიღაცეებისთვის შეიძლება ახალი ხილია, მაგრამ მსგავსი სახის სამუშაოები ჩატარდა იტალიაში, ბულგარეთში, რუსეთში და ტარდება საქართველოშიც. ზამთრის პერიოდში შტორმის დროს სანაპიროზე დაყრილი სპეციალური მასა ზღვაში იძირება, რაც მყარ საფუძველს ქმნის. გაზაფხულზე აღნიშნული ტერიტორია ქვიშით დაიფარება. ამაზე თავად ზღვა იზრუნებს. სანაპიროზე სტაბილური მდგომარეობა შეიქმნება და საფრთხე აღარ იარსებებს. ადგილზე მისვლისას ჩვენ დაგვხვდა ბეტონის კედელი, რომლის გაკეთება ლაბილური ნიადაგის გამო მიზანშეწონილად არ მიმაჩნია“ - განაცხადა ნაპირდაცვითი სამმართველოს სანაპირო ზონის მორთოდინამიკური პროცესების მონიტორინგის განყოფილების უფროსმა.
როგორც საავტომობილო გზების ნაპირდაცვით დეპარტამენტში განაცხადეს, მათ არაერთხელ მიმართა როგორც ადგილობრივმა მოსახლეობამ, ასევე საზღვრო დაცვის დეპარტამენტმა. მსგავსი სამუშაოები წინა წლებში კომპანია „ბი პი“-ის ინიციატივით ჩატარდა. ამავე მეთოდით მოხდა ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარება გრიგოლეთშიც. 
პლაჟის წარეცხვის თავიდან აცილებისა და ფიჭვნარის გადასარჩენად სამუშაოებს შპს „არილი“ 200 მეტრზე სანაპიროს გასწვრივ, ხოლო ზღვის სიღრმეში 50 მეტრზე ასრულებს. რაც შეეხება ქვიშის მაგნიტურ შემცველობას, საფრთხე არ ემუქრება. 
აღნიშნულ საქმესთან მუნიციპალიტეტის გამგეობას შეხება არ აქვს. იგი სახელმწიფოს პრეროგატივაა. სასურველი იქნებოდა თუ წერილის ავტორი ჯერ პროფესიონალებს დაუკავშირდებოდა და მიიღებდა სათანადო კონსულტაციას.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია