15 | 12 | 2018

სკოლამდელი აღზრდის ცენტრში საგანგებო თათბირი ჩატარდა

დღეს ლანჩხუთის სკოლამდელი აღზრდის ცენტრში საბავშვო ბაღების ექთნებთან საგანგებო თათბირი ჩატარდა, რომლის თემა გრიპის ვირუსი H1N1 იყო.
თათბირს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც ექთნებს გრიპის ვირუსის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და ასევე თავდაცვის ის ხერხები გააცნეს, რაც ყველა ადამიანმა ზუსტად უნდა შეასრულოს.
H1N1 ანუ იგივე ღორის გრიპით საქართველოში ამ ეტაპზე ათასი ადამიანია დაინფიცირებული, რაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენელთა განმარტებით, არ იძლევა კარანტინის გამოცხადების ან შეშფოთების საბაბს, თუმცა სიფრთხილე და განსაკუთრებული ჰიგიენური ნორმების დაცვა ყველას გვმართებს.
სკოლამდელი აღზრდის ცენტრის დირექტორის, დავით წულაძის თქმით, ცენტრმა ხელშეკრულებით აიყვანა შპს "სადეზინფექციო ცენტრ ჰიგია პლუსის" მთავარი მენეჯერი, სანიტარული ექიმი კახა კიკვაძე, რომელმაც სპეციალურად ბაღებისთვის სადეზინფექციო ხსნარები ჩამოიტანა.
ბატონმა კახამ ექთნებს ამ ხსნარების გამოყენების წესი ადგილზევე გააცნო და მოითხოვა, რომ საბავშვო ოთახებს დეზინფექცია ყოველი კვირის პარასკევს ჩაუტარდეს. 
ამასთან, თათბირზე ასევე აღინიშნა, რომ თუკი ბაღის მენეჯერი რომელიმე ბავშვს შეამჩნევს ვირუსული გრიპის რაიმე სიმპტომს, ის სახლში უნდა გააბრუნოს.
მიუხედავად იმისა, რომ გავრცელებული ვირუსი მშობლების შეშფოთბას იწვევს, როგორც ითქვა, ლანჩხუთის საბავშვო ბაღებში ყველა ზომა და წესი გრიპთან საბრძოლველად ზედმიწევნით დაცულია.

 


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია