17 | 12 | 2018

იმედი გვაქვს, რომ მსგავს ფაქტებს "გურია ნიუსის" მხრიდან ადგილი აღარ ექნებათ

"გურია ნიუსის" ვებ.გვერდზე გამოქვეყნდა სტატია სათაურით: "გამგებელმა ვერ მიგვიღო, ფეხბურთის საყურებლად ყოფილა წასული".
სამწუხაროა, რომ სიცურის ტირაჟირება სათაურშივე ხდება. მოქალაქე, რომელმაც ჟურნალისტს მსგავსი რამ განუცხადა, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელთან შეხვედრაზე 23 თებერვალს არ გამოცხადებულა.
წყალწმინდელი სოფიო სარიშვილი აცხადებს, რომ ვითომდაც, გამგებელთან მიღებაზე ის არ დაუშვეს მიზეზით, გამგებელი ფეხბურთზეა წასულიო.
გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ 23 თებერვალს მიღება გამგებელთან დაიწყო ჩვეულებისამებრ, 12 საათზე. მოქალაქეთა მიღებისა და საქმის წარმოების განყოფილებაში განცხადება მიღების თაობაზე მხოლოდ ორმა ადამიანმა შემოიტანა. მათ შორის, სოფიო სარიშვილი არ ფიქსირდება.
ჩვენ მოვიკვლიეთ და გავარკვიეთ, რომ სტიქიამ დააზიანა სოფიო სარიშვილის მამამთილის, თ. დობორჯგინიძის სახლის სახურავი. ღრმაღელეში გამგებლის წარმომადგენლის მიერ სახლისთვის გადაღებული ფოტომასალა და სხვა საჭირო დოკუმენტაცია გადაიგზავნა ინფრასტრუქტურისა და განსახლების სამინისტროში. ცნობისათვის, დიდთოვლობის დროს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 30-მდე სახლი დაზიანდა, რომელთა მასალები ასევე გადაგზავნილია ხსენებულ სამინისტროში.
სოფიო სარიშვილი უბრალოდ, იტყუება, როცა ამბობს, რომ მიღებაზე არ დაუშვეს, რადგან ის გამგეობაში მის მიერ დასახელებულ დღეს, ანუ 23 თებერვალს, საერთოდ არ ყოფილა, ხოლო იმ დღეს რომ მიღება ჩვეულებრივად ჩატარდა, ამას ის ადამიანებიც დაადასტურებენ, რომელსაც გამგებელი პირადად შეხვდა.
ვწუხვართ, რომ ჟურნალისტი არ დაუკავშირდა გამგებელს და პირველი პირისგან არ მიიღო დაზუსტებული ინფორმაცია. ხოლო მიუხედავად გამგეობის პოზიციისა, სათაურად მაინც სოფიო სარიშვილის მიერ მიწოდებული ტყუილი დააფიქსირა. ცხადია, ვხვდებით, რომ ეს ჟურნალისტის პრეროგატივაა და სათაურად იმას გამოიტანს, რაც მას სურს, მაგრამ ტყუილის ტირაჟირება რომ ჟურნალისტიკა არაა, ესეც ცხადია.
იმედი გვაქვს, რომ მსგავს ფაქტებს "გურია ნიუსის" მხრიდან ადგილი აღარ ექნებათ.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია