ბიუჯეტში შემოსავლების ზრდა იგეგმება

გამოქვეყნებულია ხუთშაბათი, 12 იანვარი 2012 18:41

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომაზე განსახილველი 24 საკითხი საკრებულოს წევრებსა და მოწვეულ სტუმრებს საკრებულოს თავმჯდომარე რევაზ ჩიტიძემ გააცნო. თავდაპირველად საკრებულოს თავმჯდომარემ ყველა დეპუტატს ახალი წლის დაწყება მიულოცა და წარმატებული წელი უსურვა.

სხდომაზე იმსჯელეს შესყიდვების გეგმასა და  სოციალურ პროგრამებში არსებულ ცვლილებებზე. პროგრამას, რომელიც გათვალისწინებული იყო სტიქიითა და მძიმე სოციალურ პირობებში მცხოვრებთა ბინით უზრუნველყოფისათვის, დაემატა რეფერალური სამსახურის თანამშრომელთა ბინით უზრუნველყოფაც, რისთვისაც დაფინანსება 2000 ლარით გაიზარდა.

მუნიციპალიტეტის გამგებლის, გიორგი გოგუაძის ცნობით, მას შემდეგ, რაც პოლონეთის მთავრობამ ლანჩხუთის სამაშველო სამსახურს საჩუქრად გადმოსცა მანქანა, რეფერალურმა სამსახურმა გადაწყვიტა, იგი 30 ათასი ლარის ღირებულების ტექნიკით აღჭურვოს, რის შემდეგაც ლანჩხუთს საკუთარი რეანომბილი ექნება.

რეანომობილმა  გამართულად რომ იმუშავოს, ესაჭიროება 4 სპეციალისტით დაკომპლექტებული ეკიპაჟი, სწორედ მათი ბინის უზრუნველყოფისათვის დაემატა პროგრამაში აღნიშნული თანხა.

როგორც რევაზ ჩიტიძემ აღნიშნა, მუნიციპალიტეტი ცენტრალურ მაგისტრალზე მდებარეობს, ხშირია ავტოკატასტროფების შემთხვევები. რადგან ლანჩხუთს არ ჰყავდა თავისი რეანომობილი, ადამიანებს საათობით ლოდინი უწევდათ. ახლა ეს პრობლემა აბსოლუტურად აღმოფხვრილი იქნება და მუნიციპალიტეტს პირველი თებერვლისთვის თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი კატასტროფის მანქანა ექნება.

სხდომაზე აღინიშნა, რომ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების წესდებებში შედის ცვლილებები; ჯარიმების მკაცრი აღრიცხვის მიზნით ზედამხედველობის სამსახურში შეიქმნება ცალკე განყოფილება.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ყველა მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის გაძლიერების მიზნით გუბერნატორებს დაევალათ დარგისათვის კოორდინაციის გაწევა. შეიქმნება სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახური, რომელსაც ადგილზე კურირებას გაუწევს გამგებლის მოადგილე სოფლის მეურნეობის დარგში გიორგი ჭყონია.

საფინანსო სამსახურის უფროსის, როლანდ ლაშხიას ცნობით, მუნიციპალიტეტის 2011 წლის ყველა ვალდებულება, რომლის შესრულება აღებული ჰქონდა ადგილობრივ ხელისუფლებას, 100%–ით შესრულდა. ამდენად, ბიუჯეტში დარჩა ნაშთი,  256 950 ლარის ოდენობით, რომელიც შესაბამისად, 2012 წლის ბიუჯეტში აისახება და მოხმარდება წელს აღებული ვალდებულებების შესრულებას. ამასთან, როგორც სდომაზე აღინიშნა, ბიუჯეტში შემოსავლების ზრდა იგეგმება.