21 | 11 | 2017

ადამიანზე ზრუნვისა და ჯანმრთელობის დაცვის პროექტი

 

ამიერიდან ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს საკუთარი რეანიმობილი მოემსახურება. ხელშეკრულება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტსა და შპს „რეფერალური დახმარების ცენტრს“ შორის გაფორდა. „რეფერალური დახმარების ცენტრმა“ პოლონეთის საერთაშორისო დახმარების ფონდის მიერ ლანჩხუთისთვის ნაჩუქარი სასწრაფო დახმარების მანქანა აღჭურვა რეანიმობილისთვის განკუთვნილი აპარატურით, მედიკამენტებითა და შესაბამისი კვალიფიკაციის სამედიცინო ბრიგადით. სამედიცინო ბრიგადის წევრების ბინით უზრუნველყოფის საკითხი კი ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოაგვარა.

შპს „რეფერალური დახმარების ცენტრის“ დირექტორის, კახა ჩიხრაძის თქმით, სპეციალურად რეანიმობილისთვის ოთხი-ხუთი სამკაციანი საექიმო ბრიგადა იმუშავებს. ბრიგადები ერთმანეთს ყოველი კვირის სამშაბათს შეენაცვლებიან.

– ღმერთმა ნუ დაგაჭირვოთ რეანიმობილი, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ ბრიგადები საუკეთესო ექიმებითაა დაკომპლექტებული. ისინი გამოცდილი და თავიანთი საქმის პროფესიონალი მედიკოსები არიან, რომლებიც მზად არიან ავადმყოფებს საავადმყოფოში გადასვლამდე გაუწიონ აუცილებელი დახმარება, – აღნიშნა  კახა ჩიხრაძემ.

საკრებულოს თავმჯდომარის, რევაზ ჩიტიძის თქმით, ადამიანებს საათობით ლოდინი უწევდათ რეანიმობილის მოსვლამდე, ასეთ დროს კი წუთებსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

მუნიციპალიტეტის გამგებლის, გიორგი გოგუაძის თქმით, სასიხარულოა, რომ მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვან პროექტს ადამიანებზე ზრუნვითა და ჯანმრთელობის დაცვით იწყებენ.

 

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა