11 | 12 | 2018

სახელმწიფო ანსამბლის სტატუსი მიენიჭა "მხედრებს"

6 მაისს, გიორგობის დღესასწაულზე  ლანჩხუთში დიდი სტუმრიანობა იყო.
მუნიციპალიტეტს ეწვივნენ რეზო ჭანიშვილი - ქორეოგრაფი-ქორეოლოგი, მსოფლიო ფესტივალების მრავალგზის ლაურეატი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, პროფესორი. ასევე საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის წევრები: ალეკო ქართველიშვილი, გოჩა გრძელიშვილი,მურმან გაბისონია, კახაბერ მარკოიშვილი, ქალაქ ფოთის ანსამბლ "ფაზისის" ხელმძღვანელი ახმედ ამბალია, ფოთის ფოლკლორის ცენტრის დიერექტორი გიგლა თურქია. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქორეოგრაფიის მოღვაწეთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარე გენო ჭელიძე, ქორეოგრაფები ოზურგეთიდან: გურიის ქორეოგრაფთა კავშირის თავმჯდომარე მელის ნადირიძე, მერაბ მორჩილაძე, ნუკრი ღლონტი, ემზარ სანიკიძე.
სტუმრები თავდაპირველად მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ზაზა ურუშაძემ მიიღო. ბატონმა რეზო ჭანიშვილმა გამგებელსა და საკრებულოს თავმჯდომარე გოგი ხელაძეს საჩუქრად თავის მიერ გამოშვეული წიგნი "ქართული ცეკვის სადიდებელი" გადასცა.
სიმღერისა და ცეკვის ანსამბლმა "მხედრებმა" მაყურებელს დაუვიწყარი სანახაობა აჩუქეს. ერთმანეთს ენაცვლებოდა ქართული ხალხური ცეკვები და სიმღერები, შთამბეჭდავი იყო ბენდის მიერ შესრულებული ყველა ნომერი. 
საღამოს დასასრულს სცენაზე ბატონი რეზო ჭანიშვილი ავიდა. მან ანსამბლის ყველა წევრს მიულოცა წარმატებით დასრულებული კონცერტი და საზოგადოებას სასიხარულო ამბავი აუწყა: დღეიდან "მხედრებს" სახელმწიფო ანსამბლის სტატუსი მიენიჭა!!!
შემდეგ სცენა დაეთმო ქორეოგრაფიის კავშირის წევრებს, რომლებმაც ასევე მიულოცეს "მხედრებს" წარმატება და წინსვლა და გამარჯვებები უსურვეს.
თავის მხრივ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ბატონმა ზაზა ურუშაძემ რეზო ჭანიშვილს ლანჩხუთის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭა.
"ჩემთვის ეს მართლაც დიდი პატივია. დიდი მადლობა ბატონ ზაზას და ბატონ გოგის ამ მეტად საპატიო ჯილდოსთვის. დარწმუნებული ვარ, რომ "მხედრები" არათუ მხოლოდ გურიას, არამედ მთელ ქვეყანას აალაპარაკებს" - განაცხადა რეზო ჭანიშვილმა.
ანსამბლ "მხედრების" ქორეოგრაფები არიან: მელის ნადირიძე, ირმა სვანაძე და ელგუჯა მამალაძე. ბენდის ხელმძღვანელია გოგი სიმონიშვილი, ლოტბარი - ავთანდილ მახარაძე.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია