11 | 12 | 2018

,,ღამე მუზეუმში“

21 მაისს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების დაქვემდებარებაში არსებულ ვალოდია წულაძის სახელობის თეატრისა და კინოს, სპორტის, მხარეთმცოდნეობის, თემურ ფირცხალაიშვილის სახელობის შემოქმედთა მუზეუმებში ჩატარდა ღონისძიება სახელწოდებით _ ,,ღამე მუზეუმში“.
ვალოდია წულაძის სახელობის თეატრისა და კინოს მუზეუმში ღონისძიება გაიმართა ღია ცის ქვეშ - დიდ ხელოვანთა, ვალოდია წულაძისა და თამარ კირთაძის ეზოში. საღამო მიჰყავდა ამავე მუზეუმის განყოფილების გამგეს, მაია ჩხაიძეს, რომელიც ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის ვალოდია წულაძის ლექსებთან ერთად, საკუთარი ლექსებით წარსდგა მაყურებლის წინაშე. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლები: ,,მხედრების“ ტრიო, ,,აცაურა“, ,,ხელხვავის“ ტრიო, სუფსის სამუსიკო სკოლა და ა. შ. შესრულდა სიყვარულის თემაზე შექმნილი შესანიშნავი სიმღერები. ანსამბლი ,,აცაურა“ -,,გახსოვს ტურფავ“, ,,სატრფიალო“, ,,მარიკელა“, ანსამბლ ,,ხელხვავის“ - ,,მგზავრული“, ,,ალიფაშა“ და ,,მერცხალო“, ანსამბლ ,,მხედრების“ - სიმღერა პატრიარქზე. გიორგი მურვანიძისა და ჯამბულ ჯიბლაძის პოპური. მაყურებლის წინაშე ცეცხლოვანი ცეკვით - ,,ბოშური“ წარსდგა ნუგზარ და ბეგი ხუხუნაიშვილების ანსამბლი. საინტერესო კომპოზიციები წარმოგვიდგინა ირაკლი ჩახვაძის წრემ სამეჯლისო ცეკვებით. სუფსის სამუსიკო სკოლის მიერ (ხელმძღვანელი ჯ. ჯიბლაძე) შესრულდა შესანიშნავი რომანსი: ,,ყვავილი თოვლზე“. ლექსებს ბრწყინვალედ კითხულობდნენ: ლანჩხუთის ეგ. ნინოშვილის სახ. სახალხო თეატრის ერთ-ერთი შესანიშნავი მსახიობი ლადო ებრალიძე და გ. ქურიძის სახ. თეატრალური დასის ხელმძღვანელი ნანა შაინიძე (საკუთარი ლექსით). საღამოს რომანტიკული ელფერი დაჰკრავდა და თბილ გარემოში ჩაიარა.
მხარეთმცოდნეობის მუზეუმში წარმოდგენილი იყო მუზეუმის ფონდში დაცული ფოლკლორული მასალები (ფოტოსურათები,მუსიკალური საკრავები და სხვა) ცოცხალი სიმღერების თანხლებით,რომლებსაც ასრულებდნენ მამათის ,,ხელხვავისა" და სუფსის ტრიოს მომღერლები. ღონისძიებას ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები თბილისიდან და ლანჩხუთის საზოგადოების წარმომადგენლები.
სპორტის მუზეუმში გაიმართა სპორტული ღონისძიებები ჭადრაკსა და ნარდში. ასევე აღნიშნეს „გურიას“ ყოფილი მოთამაშისა და ახლა მწვრთნელის, გიგლა იმნაძის 60 წლის იუბილე. მუზეუმის ხელმძღვანელმა მერაბ წულაძემ და ვეტერანმა ფეხბურთელებმა სახელოვანი მეკარის კარიერა გაიხსენეს. ვეტერანი მეკარის პიროვნების შესახებ თბილი სიტყვები არ დაიშურა მისმა კლასელმა, მუნიციპალიტეტის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორმა, ადელინა კილაძემ. გიგლა იმნაძემ მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებს ლამაზი საღამოს მოწყობისთვის.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია