10 | 12 | 2018

ლანჩხუთში 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა


ეს დღე უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. 98 წლის წინ, 1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობა სწორედ 26 მაისს გამოაცხადა ნოე ჟორდანიას მთავრობამ. თუმცა მაშინ დამოუკიდებელმა საქართველომ მხოლოდ სამი წელი იარსება. საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა იმას, რომ ჩვენ სამშობლოს თავისუფლება ხელმეორედ მოეპოვებინა. ეს უკვე 1991 წელს მოხდა, როდესაც ახალარჩეულმა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ (შემდგომში პარლამენტმა) 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე და მიიღო დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.
მას შემდეგ 25 წელი გავიდა... და მიუხედავად უამრავი პრობლემისა და გასაჭირისა, საქართველო თავის სათქმელს ამბობს მსოფლიოში.
ამ დღესთან დაკავშირებით ლანჩხუთს საქართველოს პარლამენტის წევრები - ზაზა პაპუაშვილი, ირაკლი ტრიპოლსკი, თემურ ხუბულური და მერაბ კვაჭახიძე ეწვივნენ. მათ მასპინძლობას ლანჩხუთის მაჟორიტარი თემურ ჩხაიძე უწევდა.
ლანჩხუთში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დილით გვირგვინით შეამკეს ნოე ჟორდანიას ბიუსტი. 
ამის შემდეგ სტუმრებმაც და მასპინძლებმაც კულტურის ცენტრის ფოიეში გამოფენილი თვითნასწავლი ლანჩხუთელი მხატვრის, ვაკო ჩხარტიშვილის ნამუშევრები დაათვალიერეს და ნანახით თავიანთი აღტაცება გამოხატეს.
ამის შემდეგ კი კულტურის ცენტრთან არსებულმა სიმღერისა და ცეკვის სახალხო ანსამბლმა "მხედრებმა" (რომელიც სახელმწიფო ანსამბლის წოდებაზე უკვე წარდგენილია!) და კულტურის ცენტრთან არსებულმა ანსამბლებმა საზეიმო კონცერტი გამართეს.
უნდა ითქვას, რომ ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა, ისე რომ, სტუმარი პარლამენტარები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ.
კონცერტის შემდეგ ქალაქის ცენტრალურ სკვერში სხვადასხვა სპორტულ სახეობაში შეჯიბრებები გაიმართა. მუნიციპალიტეტის გამგებელი სპორტულ ღონისძიებებში ჩაერთო და ნარდის ტურნირი მოიგო კიდეც. 
გამარჯვებულები კი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მედლებითა და თასებით დააჯილდოვეს.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია