19 | 12 | 2018

ლეგენდარული ანსამბლი სტუმრად ლანჩხუთში

ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი რუსთავი 1968 წელს ბატონმა ანზორ ერქომაიშვილმა დააარსა. ანსამბლის მთავარი ქორეოგრაფია საქართველოს სახალხო არტისტი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი ფრიდონ სულაბერიძე.
"რუსთავი" საქართველოს სხვადასხვა რეგიონში უფასო ტურნეს მართავს. 10 ივნისს ლეგენდარულ ანსამბლს ლანჩხუთმაც უმასპინძლა.
"რუსთავი" არ არის ჩვეულებრივი ანსამბლი, რომელიც ქართულ ხალხურ სიმღერებსა და ცეკვებს ასრულებს. ამ ანსამბლს განსაკუთრებული ისტორია აქვს. აქ მღეროდა საქართველოს ბულბულად წოდებული, სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეული ჰამლეტ გონაშვილი, აქ აკვნესებდა სალამურს ომარ კელაპტრიშვილი. აქ "ქართულის" უბადლო შესრულებისთვის დაიმსახურა კიდეც უსაზღვრო სიყვარული ფრიდონ სულაბერიძემ...
მათი ცეკვა მხოლოდ ცეკვა არაა... არც მათი სიმღერაა მხოლოდ სიმღერა... ეს ნამდვილადაა ქართული სულის ზეიმი... და ასე ვერც იმღერებს და იცეკვებს ვინმე, ქართველის გარდა, "რასსა არ ეყოფა"!!!
ლანჩხუთელმა მაყურებელმა განსაკუთრებული სითბოთი მიიღო ანსამბლი. დარბაზი ფეხზე ადგომით ხვდებოდა თითოეულ ნომერს, თავის მხრივ ანსამბლის წევრებსაც ეტყობოდათ, რომ დარბაზიდან წამოსულ სითბოს ასმაგად პასუხობდნენ და ეს ვლინდებოდა ყველა ნომერში, ყველა სიმღერასა თუ ცეკვაში.
საღამოს დასასრულს ბატონ ფრიდონ სულაბერიძეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ ია ჩხაიძემ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა და სამახსოვორო საჩუქარიც გადასცა. 
ლანჩხუთის კულტურის ცენტრის მენეჯერმა გია იმნაიშვილმა კი თავად ანსამბლს გადასცა საჩუქარი. 
მართლაც, "რუსთავმა" ლანჩხუთელებს ერთი ჩვეულებრივი დღე სასწაულად გვიქცია.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია