17 | 12 | 2018

კიდევ ერთი წარმატებული პრემიერა

ყველას გვინატრია ნატვრის თვალი ან ოქროს თევზი, რომელიც მყისიერად ყველა სურვილის ასრულებას შეძლებს. ნუგზარს (ბაჩი ხუხუნაიშვილი) მეფისტოფელი (გურამ იმნაძე) არ უნატრია, თავისით მოვიდა და სულის მიყიდვის სანაცვლოდ ოცნებების მთელი პაკეტი შესთავაზა.
ნუგზარი მეზობელ გელასთან (პაატა კაცაძე) კონსულტაციისა და მცირედი ყოყმანის შემდეგ აფორმებს ხელშეკრულებას დემონთან. ამის შემდეგ მეფისტოფელი მზრუნველობით ეპყრობა თავისი მეურვეობის ქვეშ მყოფ ნუგზარს. მისმა გულწრფელმა მცდელობამ ნუგზარი ბედნიერი გაეხადა, კრახი განიცადა. ყოველგავარ სიკეთეს თავისი უარყოფითი მხარეები აქვს.
ნუგზარი იბრუნებს თავისი ბავშვობის სიყვარულს ქეთის (თეკლე დვალიშვილი), თუმცა ბედნიერებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. მის ცხოვრებაში ჩნდებიან სხვადასხვა ქალებიც, მათ შორის მანანა (ლელა ჭეიშვილი)
საბოლოოდ ნუგზარის ცხოვრება გიგანტურ ორგანიზებულ ქაოსს ემსგავსება. მიწიერი ბედნიერების თითოეული მარცვალი, რომელიც სულის გაყიდვის სანაცვლოდ მიიღო “ნუგიჩამ” ბუტაფორიული აღმოჩნდა. ჭეშმარიტი ბედნიერების მოპოვება შეკვეთით შეუძლებელი ყოფილა. ის ისევ დგება მძიმე დილემის წინაშე სიცოცხლესა და თვითმკვლელობას შორის და ისიც არჩევანს ამ უკანასკნელის სასარგებლოდ აკეთებს.
აი, ასეთია მოკლე შინაარსი ლაშა ბუღაძის პიესისა, ,,ნუგზარი და მეფისტოფელი“ რომლის პრემიერა გუშინ ლანჩხუთის ეგნატე ნინოშვილის სახელობის სახალხო თეატრის სცენაზე შედგა.
სპექტაკლის რეჟისორი, ახალგაზრდა,მოტივირებული, ნიჭიერი ადამიანი, ლანჩხუთის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების თანამშრომელი, ბათუმის სახელმწიფო თეატრის მსახიობი დავით წერეთელი გახლავთ. 
სპექტაკლის ქორეოგრაფია ეკუთვნის ირაკლი ჩახვაძეს, სპექტაკლის მხატვარია შოთა ჭყონია, ტექნიკური რეჟისორი - ნანა ორაგველიძე. 
უნდა ითქვას, რომ ლანჩხუთში თეატრალურმა ცხოვრებამ სტარტი აიღო. (დიდიხნიანი პაუზის შემდეგ ლანჩხუთის სცენაზე, ლაშა ბუღაძის პიესის- ,,ნაფტალინის“ პრემიერა დეკემბერში შედგა ) 
პრემიერა ნამდვილად შედგა, მაყურებელი არ იშურებდა ოვაციას და აპლოდისმენტებს. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ახალგაზრდა მსახიობების პროფესიონალიზმი. სცენასა და მაყურებელს შორის კონტაქტი შედგა. კომედიად ლამაზად შეფუთული ძალზედ მძიმე დრამა, ადამიანური ტრაგედია, რომელიც ამ სპექტაკლშია, ქმნის განწყობას, რომ მაყურებელს უადვილებს ლაიტმოტივის აღქმას- სად არის ბედნიერება. 
რეჟისორმა დავით წერეთელმა სპექტაკლის დასასრულს მადლობა გადაუხადა მსახიობებს, ტექნიკურ პერსონალს, თანამშრომლებს და რა თქმა უნდა მაყურებელს. 
სპექტაკლს საკრებულოს სოციალური საკითხთა, განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე, ია ჩხაიძე, გამგებლის მოადგილე ნუგზარ ცინცაძე, გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლები ესწრებოდნენ.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია