11 | 12 | 2018

გოგონათა სარაგბო-საფეხბურთო გუნდის წევრები დაასაჩუქრეს

23 ივლისს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ და საკრებულოს სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ია ჩხაიძემ ა(ა)იპ ლანჩხუთის სარაგბო-საფეხბურთო ექსპერიმენტული კლუბის, "ფირალების" მოთამაშეებსა და მწვრთნელებს დიპლომები და საჩუქარი გადასცეს.
კლუბი "ფირალები" ა(ა)იპ-დ ოფიციალურად მხოლოდ გასულ წელს ჩამოყალიბდა, თუმცა როგორც გოგონათა საფეხბურთო კლუბი დაახლოებით ექვსი წელია არსებობს. ა(ა)იპ-ს ხელმძღვანელია დურმიშხან ჩხაიძე, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის ხსენებული კლუბის დაარსებაში.
მუნიციპალიტეტის გამგეობამ, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილებამ და საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიამ გადაწყვიტეს, რომ გოგონათა ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მოთამაშეებსა და მწვრთნელებს სამახსოვრო სიგელები და საჩუქარი, ღვთისმშობლის ხატი გადასცეს.
უნდა ითქვას, რომ "ფირალები" მონაწილეობას იღებენ ქალთა ეროვნული ფეხბურთის ჩემპიონატზე, რომელიც საქართველოში წელს პირველად ტარდება და პირველი წრის შედეგებით, ჩვენებურები მესამე ადგილზე არიან.
ცნობისათვის, "ფირალების" ცხრა წევრი მიწვეულია საქართველოს გოგონათა 19 წლამდე ასაკის ახალგაზრდულ ეროვნულ ნაკრებში, რომელიც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. ესენი არიან: ანა რომანჩუკი, ნინო ჩხარტიშვილი, მარი გოგეშვილი, მონიკა შურღაია, ქეთევან ურუშაძე, ნინო გუჯაბიძე, თათა გაბუნია, მარი კალანდაძე, სოფო ნარსია.
კლუბის მწვრთნელები არიან: მიხეილ ხერგიანი, კახა ურუშაძე, ვაჟა ცინცაძე და ვალტერ იმნაიშვილი.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია