11 | 12 | 2018

გამარჯვებულ ქალთა კლუბი ხუთი წლისაა

დღეს "ლანჩხუთის გამარჯვებულ ქალთა კლუბს", რომლის ხელმძღვანელი მზია კვირკველიაა, ხუთი წელი შეუსრულდა.
იუბილესთან დაკავშირებით კლუბს სტუმრად ეწვია ეროვნულ სკრინინგ-ცენტრის მენეჯერი, საპატიო ლანჩხუთელი ქალბატონი თინათინ ბერუჩაშვილი. მას თან ახლდნენ ქალბატონები: თეა გუნთიაშვილი და სამოდელო სახლის "მარი გოლდის" გენერალური დირექტორი თამარ ნადირაძე.
სტუმრებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ.
თავდაპირველად ქალაქის ცენტრალურ პარკში გაიმართა ფლეშმობი, რომელმაც სტუმრების დიდი მოწონება დაიმსახურა. ამის შემდეგ ადმინისტრაციულ შენობაში სტუმრებმა ერთგვარი ანგარიში წარმოადგინეს.
"თქვენ დიდი მისია დაგეკისრათ. ამას ყველა ვერ შეძლებს. ქალბატონო თინათინ, თქვენ გერგოთ წილად საქართველოს მომავალს და მის კეთილდღეობას მოახმაროთ ეს დიდი მისია" - განაცხადა ამ შეხვედრაზე გამგებლის პირველმა მოადგილემ, ნუგზარ ცინცაძემ.
თავის მხრივ ქალბატონმა თინათინ ბერუჩაშვილმა დიდი მადლობა გადაუხადა ადგილობრივ ხელისუფლებას:
"რომ არა თქვენი თანადგომა, თქვენი მხარდაჭერა, ლანჩხუთში გამარჯვებულ ქალთა კლუბი ვერ იქნებოდა ისეთი წარმატებული, როგორიც არის დღეს. თქვენი თანადგომის შედეგია ის, რომ ჩვენ შევიძინეთ პოსტოპერაციის შემდგომი პროთეზები, რომლებიც უკვე ჩამოტანილია ლანჩხუთში. სწორედ ადგილობრივი ბიუჯეტიდან გახდა შესაძლებელი დაფინანსებულიყო ყოველი თვის ბოლოს ლანჩხუთში სპეციალისტების ვიზიტი და რეაბილიტაციის კურსების გავლა ქალბატონებისთვის. უდიდესი მადლობა თქვენ იმისთვის, რომ ასე გვეხმარებით. ჩვენ თქვენ გარეშე ვერაფერს მოვახერხებდით. ამიტომ მომიხარია მე აქ ჩამოსვლა ყოველთვის," - ასე გადაუხადა მადლობა ადგილობრივ ხელისუფლებას ქალბატონმა თინათინმა.
თინათინ ბერუჩაშვილს არც "მარი გოლდის" გენერალური დირექტორი თამარ ნადირაძე ჩამორჩა. მისი თქმით, ლანჩხუთის ადგილობრივი ხელისუფლება მაგალითია სხვა მუნიციპალიტეტებისათვის.
"გამარჯვებულ ქალთა კლუბის" ხუთი წლის იუბილე ლანჩხუთის კულტურის ცენტრის კონცერტით დასრულდა.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია