19 | 10 | 2017

შაკო ზენაიშვილის მხარდასაჭერი საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა

13 ოქტომბერს ლანჩხუთის კულტურის სახლში 19 წლის შაკო ზენაიშვილის მხარდასაჭერი საქველმოქმედო კონცერტი ადგილობრივი ხელმძღვანელობის ინიციატივით გაიმართა.
საქველმოქმედო საღამო კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების შემოქმედებითი ჯგუფის მონაწილეობით 2 საათი მიმდინარეობდა. შაკოს სიცოცხლის გადასარჩენად მთელი ლანჩხუთი გაერთიანდა. 
თითქმის 2 თვეა, რაც 19 წლის ლანჩხუთელი შაკო ზენაიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. მისი გამოჯანმრთელების საწინდარი საზღვარგარეთ მკურნალობაა, რაც საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. ამის საშუალება ოჯახს არ აქვს. ამიტომ ყველა, ვისაც გული შესტკივა, შეძლებისდაგვარად, ცდილობს დახმარება გაუწიოს მათ.
შაკო სტუდენტია. იმის გამო, რომ მშობლები ხელმოკლედ ცხოვრობდნენ, ლუკმა-პურის საშოვნელად თურქეთში წავიდნენ სამუშაოდ, ის და მისი და ბებოსთან იზრდებოდა. სტუდენტ ახალგაზრდას სწავლის ქირის გადახდა გაუჭირდა და თავადაც თურქეთში სამუშაოდ წასვლა გადაწყვიტა. სწორედ ეს ნაბიჯი აღმოჩნდა შაკოსთვის ტრაგიკული.
იქ, სამშობლოდან შორს, როდესაც ქართველისთვის მოქნეულ დანას გადაეფარა, თავად დაიჭრა. მკურნალობა სამშობლოში, ლანჩხუთში დაბრუნებულმა განაგრძნო, მაგრამ...
შაკო თბილისში, №1 კლინიკურ საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში წევს. ხელისუფლების მიერ დანერგილმა საუკეთესო პრაქტიკამ, რაც მედიცინის სფეროში განხორციელდა, ნამდვილად დიდი შეღავათი გაუწია ოჯახს ამ უმძიმეს დღეებში. შეუძლებელია არ აღინიშნოს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის, ექიმ გია თვალავაძის დიდი ყურადღება და დახმარება, რომელსაც იგი დღემდე იჩენს შაკოს მიმართ. ასევე ოჯახის ნათესავების, ახლობლების, შაკოს მეგობრების, მაჩხვარეთის ადმინისტრაციული ერთეულისა და კუპრეიშვილის ქუჩის მცხოვრებლების გულისხმიერება, რომლებმაც შაკოს მკურნალობისთვის სოლიდური თანხა გაიღეს. 
ამირან ზენაიშვილის თაოსნობით სამების მწვერვალზე 75 მამაკაცმა მზის ენერგიით განათებული ჯვარი აღმართა, რომელიც შაკოს საძინებელ ოთახს უყურებს. 
საქველმოქმედო კონცერტზე კიდევ ერთხელ გაერთიანდა საზოგადოება, ყველა ადგილობრივი ორგანიზაცია და დაწესებულება ახალგაზრდა სიცოცხლის გადასარჩენად. ყულაბაში შემოწირულმა თანხამ 3475 ლარი შეადგინა. 
როგორც ღონისძიებაზე გაჟღერდა, შაკოს ახლობლებმა მოახერხეს საქართველოს პრემიერმინისტრ- გიორგი კვირიკაშვილისთვის წერილის გადაცემა, რომლისგანაც საპასუხო წერილი ოჯახმა უკვე მიიღო, რაც მათთვის დიდი სტიმულია. 
ასევე ხაზგასმით აღინიშნა ადგილობრივი და რეგიონული მედიასაშუალებების მხარდაჭერა, რომლებშიც უწყვეტად ქვეყნდებოდა საქველმოქმედო მარათონის შესახებ ინფორმაცია.
შეგახსენებთ, რომ დახმარების მსურველებს თანხის გადარიცხვა კვლავ შეეძლებათ საქართველოს ბანკში გახსნილ შემდეგ ანგარიშზე - GE40BG0000000740520400. 
მაგთის, ჯეოსელისა და ბილაინის აბონენტებს შეუძლიათ დარეკონ ნომერზე - 0901200274. ზარის ღირებულება ერთი ლარია.
ჩვენ მიერ გაღებული თითოეული თეთრი შაკოს გამოჯანმრთელების საწინდარია.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა