26 | 06 | 2017

ნოდულარული დერმატიტის ვაქცინა უკვე ლანჩხუთშიც შემოვიდა

როგორც ცნობილია, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გავრცელდა საქონლის ვირუსული დაავადება ნოდულარული დერმატიტი. აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს გამგეობის სხდომათა დარბაზში შეხვედრა გაიმართა, რომელსაც გამგეობისა და საკრებულოს ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული სამმართველოს უფროსმა ნინო შეწირულმა, გამგებლის წარმომადგენლებმა ადმინისტრაციულ ერთეულებში, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლებმა, გამგეობის შესაბამისი სამსახურების სპეციალისტებმა, ვეტერინარმა ექიმებმა.
ნოდულარული დერმატიტის შესახებ ვრცლად ისაუბრეს ქალბატონმა ნინო შეწირულმა და ვეტერინარმა ექიმმა ხათუნა რუსიძემ. ქალბატონმა ნინომ საზოგადოებას აცნობა, რომ ლანჩხუთში უკვე შემოვიდა ვაქცინა და დაწყებულია შესაბამისი აცრები.
როგორც სპეციალისტებმა აღნიშნეს, დაავადება სწრაფად ვრცელდება, არ გადადის ადამიანზე. ცხოველის აცრიდან 7 დღის განმავლობაში არ შეიძლება საკვებად რძისა და რძის პროდუქტების, ასევე ხორცის გამოყენება. აცრა არ უტარდება დაავადებულ საქონელს. აკრძალულია პირუტყვის ოჯახურ პირობებში დაკვლა. დაავადებული პირუტყვის რძესა და ხორცს აქვს მყრალი სუნი, კანი არ შრება, საკვებად უვარგისია. აცრის შედეგად ცხოველი იძენს ერთწლიან იმუნიტეტს. სპეციალისტებმა უპასუხეს დამსწრეთა მიერ დასმულ შეკითხვებს.
ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებს მიეცათ განმარტება დაავადების წინააღმდეგ აცრების ჩატარების საქმეში გასატარებელი საორგანიზაციო ღონისძიებების შესახებ.კონსულტაციების მიღების მიზნით საჭიროების შემთხვევაში მოსახლეობას შეუძლია მიმართონ ვეტერინარ ექიმებს ან დარეკონ ტელეფონზე 595 22 11 70; 595 07 56 79

საჯარო ინფორმაცია