24 | 06 | 2017

ჯუმბერ ბლაგიძემ მოსახლეობას ანგარიში წარუდგინა

საკრებულოს წევრი ჯუმბერ ბლაგიძე სუფსის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა და მის მიერ გაწეული მუშაობის ერთი წლის ანგარიში წარუდგინა.
დეპუტატმა მოსახლეობას კომისიების, ფრაქციისა და საკრებულოს სხდომებზე მის მიერ დაყენებული წინადადებები და ინიციატივები გააცნო. ,,დეპუტატის მანდატი უფრო სპეციფიური ხასიათისაა, რომელიც გარდა იმისა, რომ საკრებულოში ძირითადი კანონმდებლობის მოწესრიგებას უზრუნველყოფს, ასევე ერთგვარად შუალედურ როლს ასრულებს მოსახლეობასა და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის”, მიმართა მან მოსახლეობას. 
საკრებულოს წევრმა ყურადღება გაამახვილა როგორც მიმდინარე წელს განხორციელებულ სამუშაოებზე, ასევე არსებულ პრობლემებზე. როგორც მან აღნიშნა, მიმდინარე წელს განხორციელდა სუფსის ცენტრის რეაბილიტაცია, მოეწყო სკვერი, ასევე ცენტრი ნაწილობრივ მოასფალტდა. თუმცა გარკვეული პრობლემები ისევ არსებობს , სკვერს ესაჭიროება დამლაგებელი, დასამთავრებელია სფალტირება. სოფელში ჩატარდა სოფლის კრებები, რის შედეგად მოსახლეობის პრიორიტეტად დასახელდა საყანე ფართობების შეღობვა, ამ პროგრამისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 50 000 ლარზე მეტი გამოიყო. გოგუების ქუჩაზე მოეწყო სანიაღვრე არხები, არაერთი გაბიონი. ასევე სუფსის ცენტრში დამონტაჟდა თანამედროვე განათება, გადაიხურა ზდანიების მრავალბინიანი საცხოვრებლის სახურავი და მოსახლეობას პრობლემა მოეხსნა ამ კუთხით. 
დეპუტატ ჯუმბერ ბლაგიძის განცხადებით, სუფსაში იგეგმება ნავთობგადამაუშავებელი ქარხნის მშენებლობა, რაც მეტ შემოსავლიანს გახდის სოფელს, აქ დასაქმდება ადგილობრი მუშახელი ასევე დაგეგმილია ქარხნის მიმდებარედ 50 ჰექტარზე მეტი მიწის შეძენა ადგილობრივი მცხოვრებლებისაგან, ეს კი დამატებითი შემოსავალია თითეული ოჯახისათვის.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ექიმმა თამაზ კვაჭაძემ სუფსის ამბულატორიის პრობლემებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, აუცილებელია შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარდეს, „მართალია ჯანდაცვის სისტემის პრეროგატივაა, მაგრამ პროცესი ძალიან ნელა მიმდინარეობს, უპირატესობა მთიან ზონებს ენიჭება. არც ერთ სოფელში არ არის ამდენი აპარატურა შენარჩუნებული, გვაქვს ლაბორატორია და ფიზიოლოგიური გამოკვლევების აპარატურა“აღნიშნა თამაზ კვაჭაძემ.
მოსახლეობის მოთხოვნაა, რეაბლიტაცია ჩაუტარდეს კულტურს სახლს, სადაც სხვადასხვა წრეები ფუნქციონირებს, ასევე პრობლემურია ახალსოფლისა და სუფსის საბავშვო ბაღების მშენებლობის საკითხი, ცენტრის კეთილმოწყობის გაგრძელება, გარე განათების მოწყობა ახალსოფელი-გრიგოლეთის ავტომაგისტრალის, შიდა უბნების- უნაგირას და ზდანიებში გარე განათების მოწყობა. 
როგორც მოსახლეობამ შეხვედრაზე განაცხადა, აუცილებელია სუფსის ტერიტორიულ ერთეულში დამსაქმებელი კომპანიების (ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო, რომელიც ავტობანთან დაკავშირებულ სამუშაოებს ახორციელებს) მხრიდან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმებაზე ყურადღების მიქცევა, რადგან ეს კომპანიები მუშახელს კანონში გათვალისწინებულ დროზე მეტ ხანს ამუშავებს დანამატის გარეშე.
დასარულს მოსახლეობამ მადლობა გადაუხადა ჯუმბერ ბლაგიძეს თანადგომისთვის, თავის მხრივ დეპუტატიც მაქსიმალურ მხარდაჭერას დაპირდა მათ.

საჯარო ინფორმაცია