28 | 06 | 2017

კახაბერ გუჯაბიძე მოსახლეობას შეხვდა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი კახაბერ გუჯაბიძე ქ. ლანჩხუთში, კოსტავას ქუჩის მოსახლეობას შეხვდა და მის მიერ გაწეული მუშაობის ანგარიში წარუდგინა.
დეპუტატმა დამსწრეებს კომისიების, ფრაქციებისა და საკრებულოს სხდომებზე მის მიერ წამოყენებული წინადადებები და ინიციატივები გააცნო. კახაბერ გუჯაბიძემ მოსახლეობას გააცნო მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტში განხორციელებული პროექტები. მან აღნიშნა, რომ კოსტავას ქუჩაზე ასფალტის დაგება მხოლოდ ამ ხელისუფლების პირობებში მოხერხდა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საკრებულოს მხარდაჭერით დაფინანსდა ,,გამარჯვებულ ქალთა კლუბი“, რომელიც აერთიანებს ძუძუს კიბოს ნაოპერაციევ ქალბატონებს. 
საკრებულოს წევრმა მოსახლეობას გააცნო ასევე ფრაქცია ,,ქართული ოცნება - მრეწველების“ ინიცირებული პროექტი, რომელიც ეხება სამება-ჯიხეთის დედათა მონასტრის სამონასტრო კომპლექსის ტურისტულ-რეკრეაციულ ზონაში არსებული შუა საუკუნეების მენელსაცხებლე დედათა სახელობის ყოფილი მონასტრის ინფრასტრუქტურის, ბაზილიკის აღდგენასა და ტურისტული ინფრასტრუქტურული ობიექტების მოწყობას. როგორც მან აღნიშნა მიმდინარე წელს უნდა დაწყებულიყო. მენელსაცხებლე დედათა მონასტერთან მისასვლელი კიბის მოწყობა. 
,,აღნიშნული პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ შემდგომში მუნიციპალიტეტის სხვა ტერიტორიებზეც მოეწყობა ეკლესია-მონასტრები, ისტორიული ადგილები, ღირსშესანიშნაობები აღდგება და განახლდება. მომლოცველებსა და ტურისტებს საშუალება მიეცემათ გაეცნონ სამება-ჯიხეთის სრულ ისტორიას, გაიზრდება ტურისტული ნაკადი და ინტერესი ამ ადგილისადმი, რაც მრავალმხრივ ასახვას პოვებს, როგორც სოციალური, ასევე ეკონომიკური კუთხით“, აღნიშნა დეპუტატმა.
შეხვედრა კითხვა- პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. მოსახლეობამ არსებული პრობლემების შესახებ ისაუბრა.
მოსახლეობის მოთხოვნაა, კოსტავას ქუჩის მიმდებარედ, ჭანტურიას ქუჩაზე მოეწყოს სანიაღვრე არხები, მოიჭრას მრავალწლიანი ხეები, რომელიც საფრთხეს უქმნის მოსახლეობას.

საჯარო ინფორმაცია