19 | 12 | 2017

შეხვედრა მიწის დარეგისტრირების საკითხებზე

დღეს ლანჩხუთში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის უფროსი ზვიად ტალიკაძე იმყოფებოდა.
თავდაპირველად ბატონმა ზვიადმა ისაუბრა სასოფლო-სამეურნეო საკუთრების უფლების მოპოვების საკითხზე და ადგილმდებარეობის დადასტურების შესახებ საჭირო დოკუმენტაციის მოპოვების თაობაზე. მისი თქმით, აღნიშნული პრობლემები იმის გამო წარმოიშვა, რომ ხშირ შემთხვევაში აზომვითი ნახაზები არასწორადაა შედგენილი. ასევე არსებობს მეორე პრობლემა, მოსახლეობა ვერ ახერხებდა მიწის დარეგისტრირებას, რადგან ეს ყველაფერი გარკვეულ ფინანსებთან იყო დაკავშირებული. ბატონი ზვიადის განმარტებით, ამჯერად როგორც აზომვითი ნახაზის შედგენა, საჭიროების შემთხვევაში საარქივო დოკუმენტაციის მოპოვება უფასოა. 
შეხვედრაზე დაისვა შეკითხვები, რომელსაც სტუმარმა ამომწურავი პასუხები გასცა. 
შეხვედრას მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძე, მოადგილე ნუგზარ ცინცაძე, გამგებლის წარმომადგენლები და შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები ესწრებოდნენ. 
როგორც ცნობილია, სასოფლო–სამეურნეო მიწის ნაკვეთს განეკუთვნება ის მიწის ნაკვეთები, რომელთა გამოყენება ხდება სასოფლო–სამეურნეო მიზნით. ასეთია: საძოვარი, სათიბი, სახნავი (მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული, საბაღე, საბოსტნე) და საკარმიდამო მიწის ნაკვეთი.
იმისათვის, რომ კონკრეტულ სასოფლო–სამეურნეო მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირდეს საკუთრების უფლება, აუცილებელია მოხდეს ამ უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. მხოლოდ ამის შემდეგ შეეძლება მესაკუთრეს თავისი შეხედულებისამებრ განკარგოს მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი. საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის დაინტერესებულმა პირმა უნდა მიმართოს იუსტიციის სახლის ან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ნებისმიერ ოფისს და წარადგინოს კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტები.
სასოფლო–სამეურნეო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია და დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემების დაზუსტება (გარდა თვითმმართველი ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში და რეკრეაციულ ტერიტორიებზე მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებისა) წარმოებს მომსახურების საფასურის გადახდის გარეშე 4 სამუშაო დღის ვადაში.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა