19 | 10 | 2017

ადამ ხუხუნაიშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა

საკრებულოს წევრმა ადამ ხუხუნაიშვილმა ქ. ლანჩხუთის მოსახლეობას მისი მუშაობის ანგარიში წარუდგინა. ,, ვარ საკრებულოს ორი კომისიისა და ფრაქცია ,,დამოუკიდებელი“-ს წევრი. ჩემთვის სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიაში მუშაობა უფრო საინტერესოა, ვინაიდან უშუალოდ ჩემს პროფესიასთან არის დაკავშირებულ“, მიმართა დეპუტატმა მოსახლეობას.
როგორც საკრებულოს წევრმა აღნიშნა, კომისიის სხდომაზე გამოვიდა ინიციატივით, რომ ფინანსურად წახალისებულიყო წარმატებული სპორტსმენები და ასევე მწვრთნელებიც. ის თვლის, რომ აღნიშნული პროგრამა დახვეწას საჭიროებს, აუცილებლად უნდა განისაზღვროს პრიორიტეტული სპორტის სახეობები. 
საკრებულოს წევრმა აღნიშნა, რომ დღეისთვის ყველაზე წარმატებით მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, რისთვისაც აღმასრულებელ ხელისუფლებას მადლობა გადაუხადა. დეპუტატმა გამოიჩინა ერთგვარი ნოვაცია და მოსახლეობას მონიტორის საშუალებით თვალსაჩინოდ გააცნო მუნიციპალიტეტში განხორციელებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები.
როგორც საკრებულოს წევრმა აღნიშნა, ქვეყნისთვის ერთ-ერთი ძირითადი საკითხია სოფლის მეურნეობის განვითარება. ქართულ სოფელში უზარმაზარი პოტენციალია, მაგრამ მისი სათანადოდ და სრულად გამოყენება ვერ ხერხდება. მუნიციპალიტეტში მეტი ყურადღება უნდა მიექცეს მეჩაიეობის, მეცხოველეობის, ხილის გადამუშავების განვითარებას. აუცილებელია სოფლად მცირე საწარმოების გახსნა, რაც ხელს შეუწყობს ადგილზე პროდუქტის წარმოების გაფართოებას. მუნიციპალიტეტისთვის პრიორიტეტული უნდა იყოს მცირე საწარმოების გახსნა და ადგილობრივი მუშა-ხელის დასაქმება.
შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. როგორც სასულიერო გიმნაზიის პედაგოგებმა აღნიშნეს, წარმატებული მოსწავლეების კომპიუტერებით წახალისება სასულიერო გიმნაზიაზე არ ვრცელდება. მათი თხოვნაა, რომ მოხერხდეს განათლების სამინისტროსთან მიმართვა აღნიშნულის თაობაზე. ასევე ითხოვეს, რომ შესაძლებლობების ფარგლებში მოხდეს სასულიერო გიმნაზიის სოციალურად დაუცველი მოსწავლეების სასწავლო წიგნებით დახმარება .
მოსახლეობამ ძირითად პრობლემად სოციალური და ინფრასტრუქტურული საკითხები დაასახელა. მათი თქმით მისახედია მისახედია ქალაქის იერსახე, ყოფილი კონოსა და კომისარიატის შენობები, რომლებიც ავარიულ მდგომარეობაშია. ასევე არ არის გასართობი პარკი პატარებისთვის, სადაც მცირე ზომის ატრაქციონების განთავსება შეიძლება.
დეპუტატმა ადამ ხუხუნაიშვილმა მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას და აღუთქვა, რომ მათ მიერ წამოჭრილ პრობლემებს ოპერატიულად მიაწვდის საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას, გამოიყენებს მის ხელში არსებულ ყველა ბერკეტს, რათა მოხდეს შესაბამისი რეაგირება და ისინი შეძლებისდაგვარად დროულად მოგვარდეს.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა