21 | 08 | 2017

ელისო ჭიჭინაძე მოსახლეობას შეხვდა

17 ნოემბერს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა ელისო ჭიჭინაძემ ლესის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარუდგნა.
დეპუტატმა მოკლედ მიმოიხილა სოფლის მხარდაჭერის პროგრამებითა და ინფრასტრუქტურული პროექტებით შესრულებული სამუშაოები. მან აღნიშნა, რომ 2016 წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სოფელ ლესაში დაიგო რკინა-ბეტონის გზა, შემოიღობა საყანე ფართობები, აღდგა სოფელ ჭინათის გზა. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, ლესის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო. პროექტი გარდამავალია და 2017 წელს დასრულდება. სტიქიაზე გამოყოფილი თანხით ტურაულის უბანში ჩატარდა მდინარის ნაპირსამაგრი სამუშაოები, აღდგა დაზიანებული გზები, მათ შორის ზემო ჭინათში მისასვლელი გზა, აღდგა მილხიდები. 
საკრებულოს წევრმა ელისო ჭიჭინაძემ აღნიშნა, კორეას უბანში კვლავ რჩება წყლის პრობლემა. ბიბილიოთეკას ესაჭიროება თაროების შეკეთება. 
მან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ სოფლის მოსახლეობას სურს სამუსიკო სკოლის გახსნა სოფელ ლესაში, ვინაიდან ვერ ახერხებენ ლანჩხუთში ბავშვების ტარებას. აღნიშნული პრობლემის მოგვარების შემთხვევაში, საკრებულოს ფრაქცია ,,მეტი ქალი პოლიტიკაში“, რომლის წევრი თავად გახლავთ, გეგმავს პიანინოს საჩუქრად გადაცემას ლესისთვის.
დეპუტატმა საკრებულოს ფრაქცია ,,მეტი ქალი პოლიტიკაში“ ინიციატივა გააცნო მოსახლეობას. კერძოდ, ფრაქციის მოთხოვნაა, 2017 წლის ბიუჯეტის ფორმირებისას სოციალურ პროგრამაში გათვალისწინებული იქნას სამედიცინო მომსახურების ფინანსური დახმარება. არასაპენსიო ასაკის მქონე მოქალაქეები, რომლებიც საჭიროებენ მენჯ-ბარძაყის პროტეზირებას და მათი ოჯახის სარეიტინგო ქულა 70 001-დან 100 001 ქულამდეა, დახმარება განესაზღვროს ოპერაციის ღირებულების 50%-ით. ასევე მოხდეს მოქალაქეების სამედიცინო მომსახურების , ოპერაციების ღირებულების ანაზღაურების თანადაფნასება.
შეხვედრა დიალოგის ფორმატში გაგრძელდა. სოფლის მოსახლეობამ ისაუბრა წყლის, გზის, გარე განათების და სხვა პრობლემატური საკითხების მოგვარებლის აუცილებლობის შესახებ.

საჯარო ინფორმაცია