25 | 11 | 2017

ქვიანის საბაზო სკოლას რუსლან წულაძის სახელი მიენიჭა

დღეს ქვიანის საბაზო სკოლას შინდისის ომის გმირის, 24 წლის რუსლან წულაძის სახელი მიენიჭა.
ღონისძიებას, რომელიც ამ დღეს მიეძღვნა, გმირის დედა, ქალბატონი ლიდია ინჩინა-წულაძე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძე, საკრებულოს წევრი თემურ ალექსაია, ადგილობრივი ხელისუფლების, რესურს-ცენტრისა და ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები, ვეტერანები და რუსლანის მეგობრები ესწრებოდნენ.
ქვიანის საბაზო სკოლის მოსწავლეებმა სტუმრებს შინდისის გმირები გაახსენეს.
რუსლან წულაძე ერთ-ერთი იყო 17 გმირთაგან, რომელმაც შინდისი ბრძოლაში რუსული სატანკო შენაერთი ნახევარი საათით შეაჩერა და რუსი გენერალი თავისი მამაცობით გაოგნებულიც კი დატოვა.
"რუსებმა მუხლი მოიყარეს ქართველი ვაჟკაცების წინაშე"- იხსენებდა თვალზე ცრემლმომდგარი დედა, რომელიც მადლობას უხდის ყველას, ვისაც მისი შვილი ახსოვს:
"ყველას დღეგრძელობას გისურვებთ, ვინც არ ივიწყებთ ჩვენს გმირ შვილებს" - გვითხრა ქალბატონმა ლიდიამ.
"ჩვენი ქვეყნა სწორედ ასეთი ვაჟკაცების მხრებზე დგას. დიდი მადლობა დედას, რომელმაც საქართველოს გმირი გაუზარდა და მადლობა სკოლას, რომლის კედლებშიაც ეს გმირი სწავლობა. ასეთი ვაჟკაცების სახელებს დავიწყება არ უწერია", - განაცხადა მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ.
რუსლანის გმირობაზე ისაუბრეს ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენელმა ლანჩხუთში შოთა ფირცხალაიშვილმა, რესურს-ცენტრის ხელმძღვანელმა ნინო ჩიტაძემ.
სტუმრებმა სკოლაში სიმბოლურად ექვსი ხე დარგეს, რომელიც სკოლას საჩუქრად სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლანჩხუთის საკონსულტაციო სამსახურმა გადასცა.
ამის შემდეგ სტუმრებმა რუსლან წულაძის მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა