23 | 10 | 2017

ია ჩხაიძემ ანგარიში წარადგინა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა ია ჩხაიძემ მოსახლეობას გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში კულტურის ცენტრში წარუდგინა.
,,წარმოგიდგენთ ანგარიშს, რომელიც მოიცავს ჩემი როგორც საკრებულოს წევრის და სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარის მიერ გაწეულ მუშაობას “, მიმართა დეპუტატმა დამსწრე საზოგადეობას.
საკრებულოს წევრმა ისაუბრა კომისიებისა და საკრებულოს სხდომებზე მის მიერ წამოყენებულ წინადადებებზე და მნიშვნელოვან საკითხებზე. საანგარიშო პერიოდში კომისიას განხილული აქვს 55 საკითხი, შემოსულ წერილებზე გაცემულია შესაბამისი პასუხები . კომისია ზედამხედველობას და მონიტორინგს ანხორციელებს გამგეობის სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურში და რვა ა(ა)იპ-ში.
დეპუტატმა ყურადღება გაამახვილა სოციალურ პროგრამებზე, რომელსაც მუნიციპალიტეტი ახორციელებს.
როგორც მან აღნიშნა 12 სოციალური პროგრამა წარმატებით ხორციელდება, მოსახლეობის არსებული მდგომარეობა ითხოვს დახმარებასა და ყურადღებას. გასულ წელს დაემატა „გამარჯვებულ ქალთა კლუბის“ სარეაბილიტაციო პროგრამა ძუძუს კიბოს დიაგნოზით ნაოპერაციევი ქალებისათვის. მიმდინარე წელს ამ პროგრამის ბიუჯეტი 15 000 ლარით განისაზღვრა. გამოკვლეულ ქალბატონებს ჩაუტარდათ სხვადასხვა სახის სამედიცინო კონსულტაციები. პროგრამის ფარგლებში ამ მიმართულებით გადამზადდა მუნიციპალიტეტის ოჯახის ექიმები, რომელებიც შეძლონ პაციენტების ადგილზე გასინჯვა და მათთვის რეკომენდაციების გაცემა.
მნიშვნელოვანი ცვლილება შევიდა ერთჯერადი დახმარების პროგრამაში, რომელიც მოიცავს „ც“ ჰეპატიტით დაავადებულ პირების საჭირო კვლევების დაფინანსებას. კომისიის რეკომენდაციით, მიზნობრიობის დასადგენად, წარსადგენ დოკუმენტაციაში, დაემატა „ც“ ჰეპატიტის პირველადი ანალიზის ლაბორატორიული დასკვნა.
შეხვედრაზე ია ჩხაიძემ აღნიშნა, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტისათვის პრიორიტეტი სკოლამდელი აღზრდა- მომავალი თაობისათვის ღირსეული გარემოსა და სწავლისათვის აუცილებელი პირობების შექმნა გახლავთ. მიმდინარე წელს ა(ა)იპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის „სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო ცენტრის“ ბიუჯეტი 1 800 000 ლარით განისაზღვრა.
როგორც აღნიშნა, ამ ხელისუფლების მოსვლამდე ფაქტობრივად არ არსებობდა თანამედროვე სტანდარტებისა და მოთხოვნების შესაბამისი სააღმზრდელო დაწესებულება (გარდა ქალაქის N1 ბაგა-ბაღისა). მიმდინარე წელს აშენდა ევროსტანდარტის შესაბამისი საბავშვო ბაღები: აკეთში, წყალწმინდასა და ჯურუყვეთში. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა მაჩხვარეთის საბავშვო ბაღს, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს შუხუთში, ჩოლობარგსა და ლესაში დაწყებულია ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა; 2017 წლისთვის დაგეგმილია სუფსის ბაღის მშენებლობა. მიუხედავად ამისა, აღნიშნულ სფეროში არის რიგი პრობლემები, რაც ეტაპობრივად მოგვარდება.
საკრებულოს წევრის თქმით, ხელისუფლების პირობებში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა პირობები ა(ა)იპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის უფასო სასადილო მზრუნველობამოკლებულთათვის. აღნიშნული პროგრამა მიმდინარე წელს 77 000 ლარით დაფინანსდა. ამ პროგრამით სარგებლობს 98 ბენეფიციარი. მიმდინარე წლის ივლისის თვეში დაემატა 38 ბენეფიციარი, რომელთაც ქალაქის გარეთ (მუნიციპალიტეტის სოფლებში) ემსახურებიან.
დეპუტატმა ყურადღება გაამახვილა კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების მუშაობაზე. აღმასრულებელმა ხელისუფლებამ კომისიის უშუალო რეკომენდაციითა და წინადადებით დააფინასა თეატრალური დასი და მოხდა ეგ. ნინოშვილის სახელობის სახალხო თეატრის აღდგენა. სახალხო თეატრმა წარმოადგინა ლაშა ბუღაძის პიესების მიხედვით სპექტაკლები: „ნაფტალინი“ , „ნუგზარი და მეფისტოფელი“. სექტემბრის თვეში კი, მაყურებელმა იხილა ალ. ჩხაიძის პიესა „ხიდი“. დაიდგა ორი საბავშვო სპექტაკლი „სამი გოჭი“ და „ბატის ჭუკი“.
კომისიის სახელით არაერთხელ იქნა გაჟღერებული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლებისათვის ახალი ფორმების შეძენის საკითხი. რაც გათვალისწინებული იქნა მიმდინარე წლის ბიუჯეტის დროს და სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი „მხედრები“ შეიმოსა ახალი ფორმებით; ასევე აღნიშნა, რომ ,,მხედრებს“ სახალხო ანსამბლის წოდება მიენიჭა.
დეპუტატმა ასევე ვრცლად ისაუბრა კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებაში შემავალი დაწესებულებების წარმატებებზე.
საკრებულოს წევრმა ია ჩხაიძემ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრში 13 სახეობა ფუნქციონირებს. აღსანიშნავია რომ ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 13 ოქროს მედალი მოიპოვეს, 8 ვერცხლის და 14 ბრინჯაოს.
გიორგი შოთაძემ საქართველოსა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა 50 კგ-მდე წონით კატეგორიაში. მას და სპორტსმენის მთავარ მწვრთნელს ზაზა ღლონტს მუნიციპალიტეტმა ფულადი ჯილდო გადასცა.
,,2017 წლისთვის დაგეგმილია მრავალფუნქციური სპორტული ცენტრის მშენებლობა, სადაც ყოველგვარი პირობები იქნება შექმნილი მოსწავლე-ახალგაზრდობისთვის. სამწუხაროა, რომ საჭადრაკო სკოლა დაიწვა, შეუძლებელია მისი რეაბილიტაცია და აუცილებელი ალტერნატიული ფართის მოძიება. სპორტის ეს სახეობა გამორჩეულია, მოითხოვს მშვიდ გარემოს და ფაქიზ მიდგომას“, აღნიშნა საკრებულსო წევრმა ია ჩხაიძემ.
ასევე აღინიშნა გოგონათა ექსპერიმენტალური სარაგბო-საფეხბურთო სკოლის წარმატებები. ამჟამად გუნდი ემზადება ევროპის პირველობაზე მონაწიელობის მისაღებად, რომელიც ჩატარდება პორტუგალიაში.
ია ჩხაიძემ საზოგადოებას კომისიის მიერ დაყენებული საკითხები გააცნო.
„ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხიდან ჯილდოს გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ითვალისწინებს წარმატებული სპორტსმენისა და წარმატებული მწვრთნელის დაჯილდოებას. ასევე კომისიამ წარმოადგინა ასევე ინიცირებული საკითხი, რომელიც ითვალისწინებდა გარკვეული კატეგორიის მოსწავლეების სწავლის საფასურიდან გათავისუფლებას ან შერავბათის დაწესებას. როგორც მან აღნიშნა აღნიშნული მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნება.
დეპუტატის ანგარიშის წარდგენას ესწრებოდნენ გამგებელი ზაზა ურუშაძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ხელაძე და საკრებულოს წევრები.
საკრებულოს წევრის ანგარიშის წარდგენის შემდეგ მოხსენება გამგებელმა გააკეთა. მან მიმოიხილა მუნიციპალიტეტში განხორციელებული პროექტები. ,, ჩვენი მთავარი მიზანია, სკოლამდელი საგანმანათლებო სააღმზრდელო ცენტრების გახსნა და მათ მიმართ განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა. ლანჩხუთში რიგით მეხუთე საბავშო ბაღი აშენდა. მშენებლობა მიმდინარეობს ჩოლობარგში, ლესასა და შუხუთში. ვთვლი, რომ სწორედ ჩვენი ქვეყნის მომავალს უნდა მივაქციოთ მაქსიმალური ყურადღება. ამიტომაც გავზარდეთ აღნიშნული ცენტრის დაფინანსება და ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ჩვენი პატარები განსაკუთრებულ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში აღიზარდონ“, განაცხადა გამგებელმა.
შეხვედრა დიალოგის ფორმატში გაგრძელდა. დაისვა აქტუალური და მნიშვნელოვანი შეკითხვები, რომელსაც მუნიციპალიტეტის გამგებელმა ამომწურავი პასუხები გასცა.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა