19 | 08 | 2019

„გურია“ – „გაგრა“ 2-2

ლანჩხუთის ევგრაფ შევარდნაძის სახელობის სტადიონზე „გურიამ“ ეროვნული თასის პირველი გამარჯვებული, ამავე ტიტულის მოქმედი მფლობელი „გაგრა“ მიიღო. პირველ ტაიმში აშკარად ჩანდა გურულთა უპირატესობა. თუ სტუმრებმა პირველ ტაიმში 2-3 ჯერ დაარტყეს „გურიის“ კარისკენ სახიფათოდ, ლანჩხუთელებს გატანის შანსი რამდენჯერმე ჰქონდათ.

30-ე წუთზე მარცხენა ფრთიდან კუთხური ტარიელ კუკულაძემ მოაწოდა, ლაშა ჯანგიძემ თავურით ანგარიში გაიხსნა 1:0. ამის შემდეგ გაგრელებმა ვითარების გამოსწორება კი სცადეს, თუმცა უშედეგოდ.

მეორე ტაიმის დასაწყისში, 56-ე წუთზე, გიგა კვერენჩხილაძემ თავისიანები დააწინაურა, როცა საჯარიმოში შეჭრილმა სტუმართა მეკარე უშანსოდ დატოვა. მოედნის მდგომარეობა „გაგრას“ უმძიმეს სიტუაციაში აყენებდა, თუმცა ბურთის გატანიდან 2 წუთიც არ იყო გასული, როცა მასპინძელთა დაცვამ მიუტევებელი შეცდომა დაუშვა _ ბურთი მოგერიების ნაცვლად მეტოქეს ჩააბარა და არეულობაში მეკარესთან პირისპირ შერჩენილმა ნიკოლოზ ჯიშკარიანმა ანგარიში შეამცირა, 1:2. გატანილმა გოლმა სტუმრები გამოაფხიზლა და მეტად სახიფათო იერიშები შექმნეს ლანჩხუთელთა კართან. 73-ე წუთზე, ისევ დაცვის შეცდომით, გიორგი ტყეშელაშვილმა ძლიერი დარტყმით მარჯვენა დაბალ კუთხეში ბურთი გაიტანა, 2:2.

რა თქმა უნდა, ჩვენი ფეხბურთელებიც ცდილობდნენ თითქმის მოგებული თამაშის ისევ თავისკენ შემოტრიალებას, რამდენჯერმე სახიფათოდაც შეუტიეს, მაგრამ „გაგრამ“ ფრე 2:2 შეინარჩუნა. მომდევნო მატჩს ლანჩხუთის „გურია“ ბოლნისში ადგილობრივ „სიონთან“ 20 მარტს გამართავს.

 

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია