19 | 08 | 2019

გამგებელი ნიგოითის მოსახლეობას შეხვდა

 

მსგავსი შეხვედრები ყოველწლიურად იმართება, ხელისუფლების წარმომადგენლებისა და მოსახლეობის დიალოგის შედეგად ხდება იმის განსაზღვრა, თუ რა არის პრიორიტეტული სოფლისთვის და პირველ რიგში რა პრობლემა უნდა მოგვარდეს. ნიგოითის მოსახლეობასთან შეხვედრებს ესწრებოდნენ მაჟორიტარი დეპუტატი, სოციალური კომისიის თავმჯდომარე გოჩა ჯანაშია, გამგებლის მოადგილე კახა ასკურავა, საპროექტო განყოფილების უფროსი ნუგზარ ბოლქვაძე.

გიორგი გოგუაძის თქმით, ასეთი შეხვედრები მოსახლეობასთან მეტად მნიშვნელოვანია, ხალხი თვითონ წყვეტს თუ რა სახის სამუშაო უნდა შესრულდეს სოფლის მხარდაჭერის პროგრამით.

ზემოხსენებული პროგრამის ფარგლებში წელს ნიგოითისთვის 79548 ლარი გამოიყო.  საკუთრივ ნიგოითში 17 876 ლარი დაიხარჯება. ადგილობრივებმა პრიორიტეტულად საძოვრის შემოღობვა დაასახელეს. გამგებელმა ურჩია, რომ ხალხმა შეარჩიოს ეკლის ხეების მოჭრისთვის საჭირო ტერიტორია, ხელისუფლება კი დაეხმარება ნებართვის აღებაში. ამ წინადადებას ხალხი დაეთანხმა, თუ იქნება საჭირო მასალა, ფიზიკურად იმუშავებენ.

მოსახლეობამ მოითხოვა სადრენაჟო არხების გაწმენდა წმინდა გიორგის ქუჩაზე; ქვედა ნიგოითში სასაფლაოსთან მისასვლელი გზის მოწესრიგება; წყლის პრობლემის მოგვარება საყანე ფართობებში; სკოლის მოსწავლეებმა სტადიონის მოწესრიგებაში სთხოვეს დახმარება გამგებელს, რომელმაც ამ საკითხში დახმარება აღუთქვა მომავალ თაობას.

სოციალურად დაუცველ რამდენიმე მოქალაქეს გამგებელთან პირადი თხოვნა ჰქონდა, რომლებიც ძირითადად დახმარების მიღებას, ვაუჩერების საკითხების გარკვევაში მდგომარეობდა, აღნიშნული საკითხების მოგვარება შესაბამისი სამსახურების წარმომადგენელებს დაევალათ.

ჩოლობარგის მცხოვრებლებმა სოფლისთვის გამოყოფილი თანხით (15552 ლარი) მოითხოვა სკოლასთან არსებული არხის გაწმენდა; საძოვრის შემოღობვა; ბრუცელოზის საწინააღმდეგო აცრების ჩატარება; ნიგოითის ბაქნის აღდგენა; ტრასაზე სიჩქარის შემზღუდავი საგზაო ნიშნის დაყენება; ბიბლიოთეკის შენობის გარემონტება, რაზედაც გამგებელმა განაცხადა, რომ სოფლის სახლის აშენების შემდეგ, ბიბლიოთეკას ადმინისტრაციულ შენობაში მოათავსებს.

სოფელ ჭყონაგორაში წყლის პრობლემაა, პროექტი გამზადებულია, რადგან თანხა (15099 ლარი) არ ყოფნის, მოსახლეობამ მოითხოვა სარიტუალო დარბაზის გაკეთება.

ქვიანისთვის 19183 ლარი გამოიყო, ამ თანხით ადგილობრივებმა მოითხოვეს სოფლის ცენტრში სველი წერტილის მოწყობა და ნაგვის ურნების დადგმა; სასაფლაოს შემოღობვა; ქვიანის ცენტრში სპორტული მოედნის რეკონსტრუქცია; ტრასიდან პლატფორმამდე გარე განათების მოწყობა.

ჯაპანის მცხოვრებლებს წყლის პრობლემა აწუხებთ. როგორც მოსახლეობა ამბობს, წყალი არის, დებეტი ყოფნის, მაგრამ ქსელი დაზიანებულია, აღნიშნული თანხა (9285 ლარი) მის მოწესრიგებას არ ყოფნის, ამიტომ აქ ამოიწმინდება წყალსაწრეტი არხები; საყანე ფართობებისკენ მიმავალი გზების ორმოვანი შეკეთება.

უნდა აღინიშნოს, რომ ნიგოითის თითქმის ყველა სოფელში წყლის პრობლემა დგას. გამგებლის თქმით, გამოყოფილი თანხა არ ყოფნის აღნიშნული პრობლემის მოწესრიგებას. ეს უნდა მოაგვაროს წყლის კომპანიამ, რომელიც წელს ქალაქში 20 კმ-იან მაგისტრალს აკეთებს, ზემოხსენებულ კომპანიას მიეწოდა აგრეთვე გვიმბალაურის, შუხუთისა და ნიგოითის მონაცემები, სავარაუდოდ, მომავალ წელს ამ სოფლებში წყლის კომპანია შემოვა და მოსახლეობას წყლის პრობლემა მოეხსნება.

 

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია