22 | 08 | 2017

ჯუნეწერში სახლების გადახურვა დღეს დასრულდება

გვიმბალაურის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ ჯუნეწერში სტიქიისგან დაზიანებული სახლების სახურავების შეკეთება დღეს დასრულდება. უნდა აღინიშნოს, რომ დაზიანებული ხუთი სახლიდან ორი სრულად გადაიხურა. დაზარალებული მოსახლეობა დღეს მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ზაზა ურუშაძემ და ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, თენგიზ ხელაძემ მოინახულეს. "ძალიან გამახარა თქვენმა დანახვამ. იმ საშინელ დღეს მეგონა ღმერთი გამომეცხადა, რომ ამოხვედით და გვნახეთ. დაგვპირდით და აგვისრულეთ კიდეც. მადლობის მეტი რა გვეთქმის. ყველაფერი ძალიან მალე და ხარისხიანად გაკეთდა. ღმერთმა ისე გაგახაროთ, როგორც მე გამახარეთ" - უთხრა გამგებელს ერთ-ერთმა დაზარალებულმა ნათელა ბარამიძემ. სამუშაოები, რომლის ღირებულება 22 998 ლარია, შეასრულა შპს "სოტერომ". 30 ოქტომბერს, საღამოს საათებში ამოვარდნილმა ქარბორბალამ ჯუნეწერში ხუთი ოჯახი მნიშვნელოვნად დააზარალა. ქარმა მაყვალა ბარამიძის, ნათელა ბარამიძის, თორნიკე სარჯველაძის, მაგული კვაჭაძისა და ოთარ იმნაძის საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაზარალებულებს დახმარება ოპერატიულად გაუწია.

საჯარო ინფორმაცია