შუხუთს სოფლის განვითარების პროგრამით 46 547 ლარი გამოეყო

გამოქვეყნებულია ორშაბათი, 19 მარტი 2012 20:35

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე რევაზ ჩიტიძე, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან დავით ჩხაიძესა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან, იოსებ ჩხაიძესთან ერთად შუხუთის მოსახლეობას შეხვდა.

თავდაპირველად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ზემო შუხუთის ცენტრში შეხვდნენ იქაურ მაცხოვრებლებს.

საკრებულოს თავმჯდომარის, რევაზ ჩიტიძის თქმით, მათი ადგილზე შეხვედრების მთავარი მიზანია, გაარკვიონ რა პრობლემები აქვთ მოსახლეობას. წელს ზემო შუხუთს სოფლის განვითარების პროგრამით 13 500 ლარი გამოეყო. შუხუთელების სურვილი იყო სოფლის ცენტრში გარე განათების მოწყობა (ხუთი ელექტრობოძის დადგმა), რაც გაკეთდება კიდეც და რაზეც 1100 ლარი დაიხარჯება. თუ რა უნდა გაკეთდეს  დარჩენილი 12 400 ლარით, მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს. გამოითქვა აზრი, რომ ამ თანხით ძველი არასრული სკოლის შენობა გარემონტდეს კაპიტალურად და გაკეთდეს სარიტუალო სახლი.

საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, წელს შენობას გამოეცვლება სახურავი, სარტყელი, ჩატარდება შიდა სამუშაოები, მომავალ წელს მხოლოდ შეღებვითი სამუშაოები დარჩება ჩასატარებელი. სარიტუალო სახლისთვის საჭირო ნივთებს ბიუჯეტიდან შევიძენთ, დაპირდა თანასოფლელებს ბატონი რევაზი.

ქვემო შუხუთს წელს სოფლის განვითარების პროგრამით 33 047 ლარი ხვდება. მოსახლეობის სურვილის გათვალისწინებით, ამ თანხით შეიღებება გასულ წელს გაკეთებული სასაფლაოსა და ეკლესიის გალავანი; აღდგება წყალგაყვანილობის ქსელი, რითაც 50 ოჯახს წყალი მიეწოდება და სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება ხიდს, რომლითაც მოსახლეობა სარგებლობს.

ორივე შეხვედრაზე, რომელსაც შუხუთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მოძღვარი, დეკანოზი მამა საბა (ჟღენტი) ესწრებოდა, შუხუთისათვის მნიშვნელოვანი – ლელოს ჩატარების თარიღი –  განიხილეს. მოძღვრის ინფორმაციით, პატრიარქის კურთხევაა, რომ ლელო აღდგომის მეორე დღეს, ორშაბათს ჩატარდეს. მოსახლეობა მოძღვარს დაეთანხმა და მიუხედავად რამდენიმე განსხვავებული აზრისა, მაინც გადაწყდა, რომ ლელო ის თამაშია, სადაც ერი და ეკლესია ერთიანდება და პატრიარქის კურთხევა ყველამ უნდა გაითვალისწინოს.

რევაზ ჩიტიძის თქმით, გასულ წელს ლელო ფართო მასშტაბით ჩატარდა. ასე იქნება წელსაც, ის კი არა, გარემოს დაცვის მინისტრი, გოგა ხაჩიძე შუხუთელებს შეპირდა, რომ დიდ მონიტორს ჩამოიტანს, საიდანაც უკვე ყველას შეეძლება თამაშისათვის თვალყურის დევნება. ამას გარდა, წელს უფრო მეტი მინისტრი და სტუმარი ეყოლებათ.

შუხუთის მოსახლეობა კმაყოფილი დარჩა შეხვედრით. მათი თქმით, კარგია, როცა ადგილობრივი ხელისუფლება რეგულარულად ხვდება მოსახლეობას და მათ პრობლემებს ადგილზე იგებს.