24 | 08 | 2017

დარეჯან ქინქლაძის 90 წლის იუბილე

2016 წლის 19 ნოემბერს, შემოდგომის სასიამოვნოდ თბილ და მზიან დღეს, ლანჩხუთის N2 საშულო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის კაბინეტი უჩვეულო სტუმრებით გაივსო. მშობლიური სკოლის კედლებში თავი მოიყარეს ამ სკოლის კურსდამთავრებულმა მოსწავლეებმა და მათმა მასწავლებლებმა ერთი სურვილით -მონატრების, გულწრფელობის,შინაურული სითბოს გარემოში აღენიშნათ თავიანთი პედაგოგისა და კოლეგის, საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის, დარეჯან ქინქლაძის, დაბადების 90 წლის იუბილე. ქალბატონი დარეჯანი N2 საშუალო სკოლაში მრავალი წლის განმავლობაში ასწავლიდა ქართულ ენასა ლიტერატურას. შეუფასებელია მისი გაწეული ღვაწლი, როგორც პედაგოგის, მამულიშვილისა და მოქალაქისა. მრავალი თაობა ეზიარა დარეჯან მასწავლებლისგან მშობლიური ენის ღრმა ცოდნას, პოეზიის სიყვარულს, ქვეყნისა და საქმის ერთგულებას ; უთვალავი ღონისძიების ,კონფერენციის , ოლიმპიადის, ტურის, ლიტერატურული საღამოსა და დისკუსიის მონაწილენი და გამარჯვებულნი იყვნენ მისი მოსწავლეები. სიცოცხლის ბოლომდე დაუღალავი და ენერგიული, თავის ქვეყანაზე, თავის პროფესიასა და უამრავ გაზრდილ შვილზე შეყვარებული მასწავლებელი წელს 90 წლისა გახდებოდა...გულდაწყვეტილმა მისმა მოსწავლეებმა ახლახან გააცილეს იგი უკანასკნელ გზაზე...და მაინც,დარეჯან ქინქლაძის იუბილე აღინიშნა , ოღონდ მის გარეშე , მისსავე კაბინეტში , ყოფილი მოსწავლეებისა და კოლეგების გარემოში. დაფა სავსე იყო პედაგოგის ცხოვრების ამსახველი სურათებით, ვიდეოკოლაჟმა კი თვალწინ გააცოცხლა ქართული სიტყვის დიდოსტატი. შეხვედრას უძღვებოდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი რუსუდან ებრალიძე, რომელმაც განსაკუთრებული შეფასება მისცა თავისი აღმზრდელის პედაგოგიურ და საზოგადოებრივ მოღვაწეობას. დარეჯან მასწავლებლის პიროვნების შესახებ ისაუბრეს მისმა აღზრდილებმა... ყველასთვის გადამდები აღმოჩნდა წარსულის მოგონებები. შეხვედრაზე საზეიმოდ გაცხადდა დარეჯან მასწავლებლის მოსწავლეთა, ასევე,პედაგოგთა სურვილი: ქართული ენისა და ლიტერატურის კაბინეტს ეწოდოს მისი სახელი. სკოლას გადაეცა წინასწარ დამზადებული დაფა წარწერით: ,, დარეჯან ქინქლაძის სახელობის ქართული ენისა და ლიტერატურის კაბინეტი’’. დამსახურებული პედაგოგის 90 წლის საიუბილეოდ სკოლის ეზოში დაირგო მუხისა და ნეკერჩხლის ნერგები, რომლებიც ეროვნული სატყეო სააგენტოს სახელით სკოლას გადასცა ამავე სკოლის კურსდამთავრებულმა , ლია კომახიძემ. საიუბილეო შეხვედრა შეაფასა და სკოლის სახელით მადლიერება გამოხატა სასწავლო ნაწილის გამგემ, ქალბატონმა ნატო ორაგველიძემ. შეხვედრის მონაწილეებმა ყვავილებით შეამკეს დარეჯან ქინქლაძის საფლავი, შემდეგ კი სუფრასთან გამართულ პოეზიისა და ქართული სიტყვის ცეცხლოვან შეჯიბრებას სიყვარულით სავსე თვალებით დაჰყურებდა იმქვეყნიური სული მასწავლებლისა, რომლის სახელსა და ღვაწლს უნდა უფრთხილდებოდნენ როგორც მისი მოსწავლეები, ასევე, სკოლა და საზოგადოება. ამისი დასტურია ის განცხადება, რომელიც გადაეცა ლანჩხუთის საგანმანათლებლო რესურსცენტრსა და სკოლის დირექციას .

საჯარო ინფორმაცია