შეხვედრა მაჩხვარეთის მოსახლეობასთან

გამოქვეყნებულია ოთხშაბათი, 21 მარტი 2012 18:49

საკრებულოს თავმჯდომარე რევაზ ჩიტიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზვიად აფხაზავა, ქონების მართვის, ბუნებრივი რესურსებისა და აგრარულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გია ორაგველიძე და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს, იოსებ ჩხაიძე მაჩხვარეთის მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრას ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული რობერტ წილოსანი და თანაშემწეები ესწრებოდნენ.

 

ჩვენი აქ მოსვლის უმთავრესი მიზანი თქვენი პრობლემების ადგილზე გაცნობაა. ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ მათი გადაჭრის გზების გამოძებნაში, – მიმართა მოსახლეობას ბატონმა რევაზმა.

სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში მაჩხვარეთს 29 918 ლარი გამოეყო. პროექტში მთლიანადაა გათვალისწინებული სოფლის მოსახლეობის სურვილი, რომლის მიხედვითაც მაჩხვარეთში წყლის მაგისტრალს ჩაუტარდება რეაბილიტაცია; შეიცვლება ადმინისტრაციული შენობის კარ–ფანჯარა, შეკეთდება საყანე ფართობისა და საძოვრის ღობე. მაჩხვარეთელების თქმით, საყანე ფართობის შეღობვა მაჩხვარეთსა და ქალაქს შორის არსებულ დაძაბულობას მოხსნის, რადგან ნათესებს საქონელი ანადგურებს.

მოსახლეობის ნაწილი ბუნებრივი აირის მომხმარებელია. თუმცა, მათი თქმით, სამუშაოების დასრულება ჭიანურდება. ბატონმა რევაზმა აღნიშნა, რომ რამდენიმე დღის წინ „გურია გაზი“ შეხვდა სოკარის წარმომადგენლობას, სადაც გადაწყდა, რომ კომპანია დაწყებულ სამუშაოებს აუცილებლად დაასრულებს.

მოსახლეობამ  არხების გაწმენდის საკითხიც დასვა, რაზედაც საკრებულოს თავმჯდომარემ უპასუხა, რომ მიმდინარე წელს იგეგმება სამელიორაციო სამუშაოების ჩატარება.

უმუშევრობა აქაუროების უმთავრესი პრობლემაცაა. შეხვედრაზე ითქვა, რომ ყოფილი სკოლა-ინტერნატის ბაზაზე ჩამოყალიბდება ევროპული სტანდარტების შესაბამისი ნევროდისპანსერი, რომლის მშენებლობაზე უმთავრესად ადგილობრივი მუშახელი დასაქმდება.

ჯუნმერეში შეხვედრა მაცხოვრის სახელობის მშენებარე ეკლესიასთან შედგა. აქ მოსახლეობის სურვილია გაკეთდეს ეკლესიის სახურავი და ეკლესიისა და სკოლის ღობე. აქაურებისთვის უმთავრეს პრობლემას ე.წ. იმედაიშვილების უბანში დაზიანებული გზა წარმოადგენს. კომპანია „მაგთის“ მიერ დამონტაჟებული ინტერნეტის ანტენის მომსახურების დროს,  მძიმე წონიანმა მანქანებმა გზა მწყობრიდან გამოიყვანეს. მოსახლეობის თხოვნა იყო, როგორმე ხმა მიეწვდინათ კომპანიისთვის და მოეთხოვათ გზის აღდგენა.  ადგილობრივი ხელისუფლება მზადაა მათ უშუამდგომლოს „მაგთის“ წარმომადგენლობასთან.

ორაგვეში თოვლისა და წვიმის გამო ერთ ადგილას მეწყერი იყო ჩამოწოლილი. ადგილობრივები საკუთარი რესურსებით გზის გაწმენდას ვერ ახერხებდნენ. საკრებულოს თავმჯდომარემ მათ ტექნიკის მხრივ დახმარებას დაჰპირდა, რომ დროულად მოხდეს დამეწყრილი გზის გაწმენდა და გასუფთავება.

ორაგვეში სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში მოსახლეობის სურვილით მინი სტადიონი მოეწყობა, რომელიც ახალგაზრდობის თავშეყრის ადგილი იქნება.

მაჩხვარეთში შეხვედრა საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა. დისკუსიამ ადგილობრივ ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის საკმაოდ დიდხანს გასტანა. ადგილობრივებმა დიალოგით კმაყოფილება გამოთქვეს.