19 | 12 | 2017

საკრებულომ 2017 წლის ბიუჯეტი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა

28 დეკემბერს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა. დღის წესრიგი საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ხელაძემ გააცნო საკრებულოს წევრებს და მოწვეულ სტუმრებს. 
სხდომას ასევე ესწრებოდა ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში - ნინო წილოსანი. მან სიტყვით მიმართა საკრებულოს: ,,მიხარია, რომ მუშა გარემოში მიწევს თქვეთან შეხვედრა. 2017 წელი დიდი ვნებათაღელვით იწყება, თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებიც ყველაზე მეტად უნდა აანალიზებდეთ იმ რეფორმებს და ცვლილებებს, რომელიც პარლამენტმა და ხელისუფლებამ გაატარა. ოპტიმიზაცია, რომელიც სავალდეულო გახდა, თითოეულ ჩვენგანს ძალიან აღელვებს. ბევრი პრობლემაა, როგორც ქვეყნის, ასევე მუნიციპალიტეტის დონეზე, მაგრამ აუცილებლად გამოიღებს შედეგს ჩვენი მიზანმიმართული და დაუზარელი შრომა. ვიცი, რომ არ იშურებთ ენერგიას, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალოს. მინდა წინასწარ მოგილოცოთ დამდეგი 2017 წელი და წარმატება გისურვოთ. დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული ჩვენგანი წვლილს შევიტანთ ქვეყნის წინსვლაში“.

დეპუტატის მიმართვის შემდეგ საკრებულომ საკითხების განხილვა დაიწყო. 
საკრებულოს წევრებმა კენჭისყრით მხარი დაუჭირეს 2017 წლის ბიუჯეტის მთავარ პრიორიტეტებს, რომლებიც შემდეგნაირად განისაზღვრა: ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია; განათლება; კულტურა, რელიგია ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი; მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა. მოგეხსენებათ პრიორიტეტების დოკუმენტი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების ძირითადი მიმართულებაა, რომლის ფარგლებშიც ხდება პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელება.

მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტის მიღების შემდეგ, დღის წესრიგში მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების საკითხი დადგა. აღნიშნული საკითხი საკრებულოს გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო და მუნიციპალური შესყიდვების სამსახურის უფროსმა, როლანდ ლაშხიამ რეგლამენტის მოთხოვნათა დაცვით მუხლობრივად წარმოადგინა პროექტი.

ამის შემდეგ კი საკრებულომ მუხლობრივად უყარა კენჭი ბიუჯეტის პროექტს , რომელიც ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა.

მუნიციპალიტეტის 2017 წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტი 7917900 ლარით განისაზღვრა.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა