19 | 08 | 2019

ერთად ყველა პრობლემა დაიძლევა

ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს. ამჯერად შეხვედრა ლესის მაცხოვრებლებთან შედგა. საკრებულოს თავმჯდომარე რევაზ ჩიტიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზვიად აფხაზავა და ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლები ლესელებს შეხვდნენ. შეხვედრას რწმუნებული ნოე სარჯველაძე, მაჟორიტარი დეპუტატი კახა პატარაია და საკრებულოს წევრი, ლესის მკვიდრი თამაზ კუნჭულია ესწრებოდნენ.

სოფლის განვითარების პროგრამით ლესას 48 951 ლარი გამოეყო. რევაზ ჩიტიძის, თქმით, ამ პროგრამის განხორციელება მოხდება მხოლოდ და მხოლოდ მათი სურვილების გათვალისწინებით.

მოსახლეობის სურვილია ამ თანხით ლესის კულტურის სახლში გაკეთდეს ე.წ. მინი-კინოთეატრი, სადაც ახალგაზრდებს დიდ ეკრანზე შეეძლებათ ფილმებისა და ფეხბურთის მატჩების ნახვა; სააღმზრდელო ჯგუფს შეუკეთდება სახურავი; მოგვარდება წყალგაყვანილობის ქსელი, როგორც ლესის, ასევე ჭინათის სხვადასხვა უბნებზე, განსაკუთრებით იქ, სადაც წყლის მიწოდება დღემდე პრობლემაა, ერთ-ერთი ასეთი ფოცხვერეთის უბანი; ლესის ცენტრში კეთილმოეწყობა მოედანი და სკვერი; ჭინათსა და ზემო ჭინათში კი მოსახლეობისვე მოთხოვნით, დამონტაჟდება გარე განათება.

მოსახლეობამ სამელიორაციო არხების პრობლემა დააყენა, რაზედაც საკრებულოს თავმჯდომარემ აცნობა მათ, რომ წელს სახელმწიფომ ამ პრობლემის მოგვარებისთვის სოლიდური თანხა გამოყო.

საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული, გიორგი ლომაძის მამამ ითხოვა სასაფლაოზე გარე განათების მოწყობა. გაირკვა, რომ სოფლის განვითარების პროგრამაში გათვალისწინებულია ეს მოთხოვნა. სამუშაოები სავარაუდოდ, აპრილიდან დაიწყება.

სოფელ ჭინათის მოსახლეობას სოფლის განვითარების პროგრამით გარე განათების მოწყობა და წყალგაყვანილობის ქსელის რეაბილიტაცია სურს, რაც პროექტში გათვალისწინებულია კიდეც. ამას გარდა, აქ პრობლემაა მანდარინების პლანტაციებთან მიმავალი გზა, რომლითაც მოსახლეობის უმეტესობა სარგებლობს. საკრებულოს თავმჯდომარემ ჭინათის მაცხოვრებლებს აცნობა, რომ შიდა გზები მიმდინარე წელს შეკეთდება და მათი პრობლემაც აღმოიფხვრება.

პენსიების დარიგების დროს ლიბერთი ბანკის მომსახურე მანქანა მხოლოდ ლესის ცენტრში მიდის და ჭინათელებს გარკვეული მანძილის გავლა ფეხით უწევთ. მათი თხოვნა იყო, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას ბანკის ლანჩხუთის ფილიალის ხელმძღვანელობასთან ეშუამდგომლა, რომ მანქანა ჭინათის ცენტრშიაც ასულიყო. საკრებულოს თავმჯდომარემ მათ ეს პრობლემა ადგილზევე მოუგვარა.

– ვფიქრობთ, რომ მსგავსი შეხვედრები ძალიან სასარგებლოა ჩვენთვის. უფრო მეტ ინფორმაციას ვიგებთ, ჩვენს პრობლემებზე ვსაუბრობთ. ერთად უამრავი პრობლემის მოგვარებაა შესაძლებელი, – გვითხრეს ლესის მაცხოვრებლებმა.


 

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია