15 | 10 | 2019

ეწერის სააღმზრდელო ჯგუფის შენობის რეაბილიტაციისთვის 160 ათასი ლარი გამოიყო

საკრებულოს თავმჯდომარე რევაზ ჩიტიძე, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი სოსო ჩხაიძე, ჯურუყვეთის მაჟორიტარი დეპუტატი ამირან გიგინეიშვილი და რწმუნებული ბაჩანა კვაჭაძე ჯურუყვეთის მოსახლეობას შეხვდა.

2012 წლისთვის ჯურუყვეთი პროგრამით 25 319 ლარს მიიღებს. მოსახლეობის თხოვნაა გაკეთდეს ბაღლეფში „ქვაჯვარას“ უბანში შინმოუსვლელთა სტენდი; დიასამიძეების ეზოსთან მოეწყოს მილხიდი; შეიღობოს საყანე ფართობი და დამონტაჟდეს ჭიშკარი; გაკეთდეს სარიტუალო დარბაზი.

უნდა ითქვას, რომ ამირან გიგინეიშვილმა ერთგვარი სლაიდ-შოუ მოაწყო: ეკრანზე აჩვენეს 2011 წელს სოფლის განვითარების პროგრამით ჩატარებული სამუშაოები და ისიც, თუ თითოეული ობიექტი რა მდგომარეობაში იყო მანამდე. ცვლილებები აშკარად თვალშისაცემი იყო. მოსახლეობაც კმაყოფილებას გამოთქვამდა, რადგან გასულ წელს მათი ყველა სურვილი გაითვალისწინეს.

ბაღლეფის მოსახლეობის უმთავრესი პრობლემა წყლის დეფიციტია. როგორც ითქვა, სასმელ წყალს მეზობლების ჭიდან ეზიდებიან. ის 14 ათასი ლარი, რაც ბაღლეფისთვის გამოიყო, წყლის სათავე-ნაგებობის კაპიტალური რემონტისთვის საკმარისი არაა, თუმცა საკრებულოს თავმჯდომარე დაპირდა მათ, რომ რამდენიმე დღეში საპროექტო განყოფილების თანამშრომლებს გამოუშვებს საკითხის უკეთ შესასწავლად. პრობლემას აუცილებლად მოუგვარებს.

ეწრის მოსახლეობას საკრებულოს თავმჯდომარემ საინტერესო ინფორმაცია მიაწოდა: ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით ლანჩხუთის ორ სოფელში, ჩიბათსა და ჯურუყვეთში კეთდება მიკრო ჩაის ფაბრიკა, რითაც უმუშევრობის პრობლემა ნაწილობრივ გადაიჭრება, მოსახლეობა თურქეთში აღარ წავა ჩაის საკრეფად.

მიმდინარე წლისთვის ეწერში სააღმზრდელო ჯგუფის შენობისთვის ბიუჯეტიდან 160 ათასი ლარი გამოიყო. როგორც რევაზ ჩიტიძემ განაცხადა, ამდენი თანხა, რაც წელს ჯურუყვეთში იხარჯება, არცერთი ტერიტორიული ორგანოსთვის არ გამოყოფილა. ეს კი დეპუტატისა და რწმუნებულის დამსახურებაა, რომლებიც მოსვენებას არ აძლევენ და ყოველ დღე ახსენებენ არსებულ პრობლემებს.

სოფლის განვითარების პროგრამით ეწერს 13 855 ლარი გამოეყო. მოსახლეობის თხოვნით გათვალისწინებულია ცენტრში ყოფილი საწყობის შენობის შეკეთება იქ ბიბლიოთეკის განსათავსებლად; საყანე ფართობის შემოღობვა და ჭიშკრის დამონტაჟება.

ეწერში გზის რემონტის დროს თურქულმა „ტრაილერებმა“ გარე განათების ელექტრობოძები დააზიანა და ერთ მონაკვეთს გარე განათება აღარ აქვს. რევაზ ჩიტიძე იქვე დაუკავშირდა ა(ა)იპ „ლანჩხუთის სერვის ცენტრის“ დირექტორს თენგიზ ჭიჭილეიშვილს. როგორც გაირკვა, მისთვის აღნიშნულის შესახებ ცნობილია და ძალიან მალე სოფელს ეს პრობლემა აღარ ექნება.

ჯურუყვეთში სოფლის განვითარების პროგრამით 25 319 ლარი დაიხარჯება, რითაც პროექტით გათვალისწინებულია ე.წ. გოგუების უბანში გზის შეკეთება  და 20 გრძ/მ. სანიაღვრე არხის მოწყობა; საყანე ფართობში ხიდის რეაბილიტაცია; სააღმზრდელო ჯგუფის შენობის შეკეთება; კულტურის სახლისთვის ინვენტარის შეძენა.

შეხვედრა გარემონტებულ კულტურის სახლში შედგა. ბაღლფესა და ჯურუყვეთში სოფლის განვითარების პროგრამით შეძენილია პროექტორი, რომლის დახმარებით მოსახლეობა ფილმებსა და გასართობ სანახაობებს დიდ ეკრანზე უყურებს.

სლაიდ-ჩვენება აქაც მოეწყო და მოსახლეობამ კმაყოფილება გამოთქვა, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ მათი პრობლემები გულთან ახლოს მიიტანა.


 

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია