ნიგვზიანი-არჩეულის 6 კმ-იანი გზა გაკეთდება

გამოქვეყნებულია შაბათი, 24 მარტი 2012 13:00

მორიგი შეხვედრა მოსახლეობასთან ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გიორგი გოგუაძემ ნიგვზიანის მოსახლეობასთან გამართა. შეხვედრას ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზვიად აფხაზავა, ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე მერაბ წილოსანი, მაჟორიტარი დეპუტატი გელა ქურიძე, საპროექტო განყოფილების უფროსი ნუგზარ ბოლქვაძე, რწმუნებული ირაკლი გუჯაბიძე. 

გამგებლის თქმით, შეხვედრების უმთავრესი მიზანი სოფლის განვითარების პროგრამით გათვალისწინებული პროექტების დაფინანსება და მოსახლეობასთან კიდევ ერთხელ დაზუსტებაა, რადგან პროგრამა სწორედ მათი პრობლემების აღმოსაფხვრელად ხორციელდება.

ნიგვზიანი სოფლის პროგრამით 77880 ლარით დაფინანსდება. სოფელ ხაჯალიაში მოსახლეობის თხოვნაა შეიღობოს საყანე ფართობი; წიაღობნის უბანში გზის შეკეთება; სანიღვრე არხების გაწმენდა; ხაჯალია-წიაღობნის დამაკავშირებელ გზაზე ხიდის შეკეთება. ნიგვზიანში _ საყანე ფართობის შემოღობვა; ნიგვზიანი-არჩეულის ავარიული გზის მონაკვეთის შეკეთება; „სახერხის“ უბანში წყლის შეყვანა; ავარიულ მდგომარეობაში არსებული მაღალი ძაბვის ელ.გადამცემი ხაზების და ბოძების შეცვლა; წყლის პრობლემის მოგვარება. არჩეული _ ეგნატე ნინოშვილის სახლ-მუზეუმის წიგნადი ფონდისთვის საგამოფენო დარბაზის აშენება; ჩიქვეთის ხიდის სათავის გამაგრება და მოაჯირის გაკეთება; ნინოშვილსა და ჩანჩეთს შორის დამაკავშირებელ გზაზე ხიდის აღდგენა.

მოსახლეობამ გამგებელს თავისი გულისტკივილი გაუზიარა სოფელში გახშირებული საქონლის ქურდობის გამო, არის ოჯახები, რომლებსაც რამდენიმე სული საქონელი მოპარეს. გამგებელი შეპირდა, რომ სამართალდამცველელებს ჩააყენებს საქმის კურში.

რაც შეეხება საყანე ფართობების შემოღობვას, გიორგი გოგუაძის თქმით, ეს საკითხი არის თვითონ ხალხის გადასაწყვეტა, თუმცა მათაც უნდა შეიტანონ წვლილი ამ საქმეში, ფიზიკურად უნდა იმუშაონ, ბოძები დაამზადონ, ხელისუფლება კი შეუძენს მავთულბადეს.

მოსახლეობამ ნიგვზიანი-არჩეულის ავარიული გზის გარემონტებაში თხოვა დახმარება გამგებელს. გიორგი გოგუაძემ მათთვის საინტერესო ინფორმაცია მიაწოდა, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ლანჩხუთის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხიდან ნიგვზიანი-არჩეულის 6 კმ-იანი გზა გაკეთდება. პროექტი უკვე შედგენილია, მოხდება აღნიშნული გზის გადახვნა, დაგრეიდერება, მოხრეშვა საჭირო ადგილებში კვლების მოწყობით.

ამ ინფორმაციამ მოსახლეობა გაახარა, როგორც მათ თქვეს, კარგია, რომ მოსახლეობას და ხელისუფლებას მჭიდრო კავშირი აქვთ ერთმანეთთან. გიორგი გოგუაძის თქმით, ნიგვზიანი ლამაზი სოფელია, აქ შრომისმოყვარე და გამრჯე ხალხი ცხოვრობს, მართალია, პრობლემები არის, მაგრამ ეტაპობრივად ყველაფერი მოგვარდება, ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება.