22 | 09 | 2019

ნინოშვილში სოფლის განვითარების პროგრამით 26 646 ლარი დაიხარჯება

საკრებულოს თავმჯდომარე რევაზ ჩიტიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზვიად აფხაზავა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი, სოსო ჩხაიძე ნინოშვილის მოსახლეობას შეხვდნენ.

2012 წლისთვის სოფლის განვითარების პროგრამით ნინოშვილს 26 646 ლარი გამოეყო. მოსახლეობის მოთხოვნით, ამ თანხით ნინოშვილში საყანე ფართობში გზის ორმოვანი შეკეთებაა გათვალისწინებული, ასევე წყალგაყვანილობის სისტემის რეაბილიტაცია; ადმინისტრაციული შენობის სახურავის შეკეთება; ხიდის მოწყობა სოფლის ორ უბანში და მილხიდი – დაბლა ყელაში.

ადგილობრივებმა განაცხადეს, რომ კარგი იქნება, თუ ამ პროექტებს კიდევ ერთი, ახალი სასაფლაოსთვის გამოყოფილი მიწის შემოღობვაც დაემატება. საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, სოფლის განვითარების პროგრამის განხორციელების დროს მოსახლეობის ინტერესები ბოლომდე იქნება გათვალისწინებული.

რევაზ ჩიტიძემ იმ პროექტებზეც ისაუბრა, რომელსაც სახელმწიფო განახორციელებს. ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი პროგრამაა პენსიონერებისა და 5 წლამდე ასაკის ბავშვების სამედიცინო დაზღვევა:

– სტატისტიკას თუ მოვიშველიებთ, დავინახავთ, რომ ძალიან მალე ჩვენი მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 60–70 % დაზღვეული იქნება, რაც ნამდვილად კარგი საქმეა, – განაცხადა ბატონმა რევაზმა.

შეხვედრაზე საკრებულოს თავმჯდომარის წინაშე ნინოშვილელებმა პირადი პრობლემებიც დააყენეს: – თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ადგილობრივი ხელისუფლება თქვენს გვერდით დგას. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეტაპობრივად დავძლიოთ თქვენი პრობლემები. ხშირად მოგვმართეთ, მუდმივი კავშირი გქონდეთ თქვენს რწმუნებულთან და მაჟორიტარ დეპუტატთან, რომლებსაც თქვენი გასაჭირი ჩვენამდე მოაქვთ. ურთიერთთანამშრომლობით ყველა პრობლემა მოგვარდება.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია