22 | 09 | 2019

ღრმაღელე სოფლის პროგრამით 76286 ლარით დაფინანსდება

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი გოგუაძე, მაჟორიტარი დეპუტატი ბიძინა ჩუბინიძე, ზედამხედველობის სამსახურის უფროსი მალხაზ ვირუბოვი, საპროექტო განყოფილების უფროსი ნუგზარ ბოლქვაძე, რწმუნებული ბიჭიკო კვიჭიძე ღრმაღელის მოსახლეობას შეხვდნენ და სოფლის პროგრამით შესასრულებელ სამუშაოებზე ესაუბრნენ.

ღრმაღელე სოფლის პროგრამით 76286 ლარით დაფინანსდება. მათ შორის: ორმეთი _ 14082 ლარი; ღრმაღელე _ 19033 ლარი; ომფარეთი _ 17889 ლარი; წყალწმინდა _ 25283 ლარი

ძირითადი და უპირველესი მოთხოვნა ღრმაღელის, ორმეთისა და ომფარეთის მოსახლეობისთვის შიდა სასოფლო გზების მოწესრიგებაა. გამგებლის თქმით, წელს დაიწყება სუფსა-ღრმაღელის გზის მოწესრიგება: მოხდება აღნიშნული გზის გადახვნა, დაგრეიდერება, მოხრეშვა საჭირო ადგილებში კვლების მოწყობით.

ორმეთის მოსახლეობამ მადლობა გადაუხადა გამგებელს ხიდების გაკეთებისთვის და იქვე ითხოვა, 20 ჰა მანდარინის პლანტაციისა და საძოვრის შეღობვა; სანიაღვრე არხების გაწმენდა; ხიდის შეკეთება; მაღალი ძაბვის ელ.გადამცემი ხაზების და ბოძების შეცვლა;

აქვე ადგილობრივებმა სოფელიდან ღრმაღელის საჯარო სკოლამდე ტრანსპორტის დანიშვნაში დახმარება თხოვეს გამგებელს. მათი თქმით, ბავშვებს შორი გზის გავლა უწევთ, მანძილი სკოლამდე 3 კმ-ია, ამავე გზით სარგებლობენ მშობლები, რომელთაც პატარები საბავშვო ბაღში მიყავთ. როგორც გიორგი გოგუაძემ განაცხადა, ამ საკითხს უახლოეს დროში გადაწყვეტს, ბავშვებს საშუალება ექნებათ ტრანსპორტით გადაადგილდნენ.

როგორც ღრმაღელეში, ასევე წყალწმინდაში წყლის პრობლემა აწუხებთ, აქაურები ამბობენ, ქვედა უბანში, რკინიგზის გადაღმა მნიშვნელოვანია წყლის პრობლემის მოგვარება, 30 ოჯახს აქვთ ერთი ჭა.

მოქალაქეები დაინტერესდნენ გაზიფიცირების საკითხით, როგორც გიორგი გოგუაძემ აღნიშნა, ფოთიდან შემოდის  კომპანია „იტერა“, გრიგოლეთის შემდეგ მოხდება წყალწმინდის გაზიფიცირება, ასე რომ, ეს უახლოეს მომავალში წყალწმინდაში ცისფერი ალი აინთება.

შეხვედრაზე მშობლებმა  სოფელში ბაღის გახსნა თხოვეს ხელისუფლების წარმომადგენლებს, როგორც მათ თქვეს, სოფელში არის სკოლამდელი ასაკის ბავშვების კონტიგენტი, დაახლოებით 60 ბავშვი. შეხვედრის შემდეგ გამგებელმა ის შენობა მოინახულა, სადაც ბაღის გახსნა იგეგმება. როგორც ბატონმა გიორგიმ აღნიშნა, შენობა კარგია, ეზოც მყუდროა, ბაღისთვის გამოსადეგი, შესაბამისი სამსახურები შეისწავლიან აღნიშნულ საკითხს და, სავარაუდოდ, სექტემბრიდან მათი თხოვნა გათვალისწინებული იქნება.

შეხვედრებზე მოსახლეობას პირადი თხოვნებიც ჰქონდა. გიორგი გოგუაძემ  ყურადღებით მოუსმინა თითოეულ მათგანს და შეძლებისდაგვარად პრობლემების მოგვარება დაპირდა.


 

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია