21 | 09 | 2019

აცანაში პრიორიტეტად ამბულატორიის კეთილმოწყობა აირჩიეს

აცანას 2012 წლისთვის სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში 29 335 ლარი გამოეყო, აქედან 19 937 ლარი – უშუალოდ აცანას, ხოლო 9 398 ლარი – ტელმანს.

მოსახლეობასთან შეხვედრაზე, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე რევაზ ჩიტიძე, გამგებლის მოადგილე კახა ასკურავა, აცანის მაჟორიტარი დეპუტატი დავით ჩხაიძე და რწმუნებული მინდია ქინქლაძე ესწრებოდნენ, ითქვა, რომ აცანისთვის ყველაზე პრიორიტეტული ამბულატორიისთვის ორი ოთახის კეთილმოწყობაა ადმინისტრაციულ შენობაში.

დავით ჩხაიძის თქმით, ამბულატორიისთვის ოთახების კეთილმოწყობა მართლაც აუცილებელია სოფლისთვის. ცენტრიდან მოშორებით მდებარე სოფლისთვის ექიმი და პირველადი სამედიცინო დახმარება ხელმისაწვდომი უნდა იყოს, სწორედ ამიტომ ჩათვალეს ეს პრიორიტეტულად.

სხვათა შორის, ადმინისტრაციული შენობის პირველი სართული კაპიტალურად გასულ წელს შეკეთდა და დღეს აცანაში ბიბლიოთეკაც ფუნქციონირებს.

შეხვედრაზე მოსახლეობამ საკრებულოს თავმჯდომარესთან „ლიფაშარას“ საყანე ფართობში მისასვლელი და სხვა შიდა სასოფლო გზების პრობლემაც წამოჭრეს.

_ გეგმაშია აცანა-მამათი-ძიმითი-ოზურგეთის გზის სრული ასფალტირება, რომელიც წლის ბოლომდე დასრულდება. რაც შეეხება შიდა მიმოსვლის გზებს, ჩვენი ძალებით ყველა ავარიულ გზას შევაკეთებთ, რომ როგორმე მოვაგვაროთ კომუნიკაციის ეს პრობლემა_ განაცხადა რევაზ ჩიტიძემ.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრს მხოლოდ ორ სოფელში აქვს თავისი განყოფილება, მათ შორისაა აცანა, რომელსაც ანსამბლი „აცაურა“ ჰყავს. კულტურის განყოფილების ხელმძღვანელმა დალი წიტაიშვილმა კულტურის დარბაზის გარემონტება ითხოვა; საკოლექტორო არხების გაწმენდის საკითხი, რაზედაც საკრებულოს თავმჯდომარემ მოსახლეობას აცნობა, რომ მიმდინარე წელს ლანჩხუთში სამელიორაციო სამუშაოების ჩასატარებლად სახელმწიფომ ორი მილიონი ლარი გამოყო, რითაც დაახლოებით 100–200 ჰა-მდე არხები გაიწმინდება.

რამდენიმე მოსახლემ პირადი საკითხის მოგვარებაზეც მიმართა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს. ბატონმა რეზომ თითოეულ მათგანს გულდასმით მოუსმინა და შეძლებისდაგვარად, დახმარებას დაპირდა.

დამსახურებულმა პედაგოგმა, ღირსების ორდენის კავალერმა მარიამ ჩხაიძემ ითხოვა, თუ შესაძლებელია ტელმანის დაწყებითი სკოლა არ დახუროთო:

– მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ, ასაკის მიუხედავად, ასეთი ენერგიული ქალბატონი ბრძანდებით, ადგილობრივი ხელისუფლება აფინანსებს ტელმანის დაწყებით სკოლას, – მიმართა მას ბატონმა რევაზმა.

შეხვედრაზე საბოლოოდ გამოიკვეთა ის პრობლემები, რისი გადაჭრაც მოსახლეობას სოფლის განვითარების პროგრამით სურს: ამბულატორიისთვის ოთახების კაპიტალური შეკეთება; ოქონის მონასტერთან მისასვლელ გზაზე გარე განათების დამონტაჟება, მოსაცდელის მოწყობა როგორც აცანაში, ასევე ტელმანში, ეკლესიასთან.


 

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია