24 | 08 | 2017

წარმატებულ მოჭადრაკეებს საჩუქრები გადასცეს

დღეს საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ხელაძემ, მოადგილე ბესიკ ტაბიძემ და ბიუროს წევრებმა წარმატებულ ნორჩ მოჭადრაკეებს და მათ მწვრთნელებს უმასპინძლეს. შეხვედრამ თბილ გარემოში ჩაიარა. პატარებმა შეჯიბრის შესახებ ისაუბრეს და თავიანთი შთაბეჭდილებები გაუზიარეს ბიუროს წევრებს.

საკრებულოს წევრებმა მიღწეული წარმატება მიულოცეს მოჭადრაკეებს, მათ მწვრთნელებს და წარმატებები უსურვეს მათ.

პატარა მოჭადრაკეები 4-10 მარტს მარტს ქ. ფოთში გამართულ საქართველოს ჩემპიონატის (I ლიგა) დასავლეთ ზონის გათამაშებაში მონაწილეობდნენ, სადაც ღირსეული გამარჯვებაც მოიპოვეს. აღნიშნული ჩემპიონატი ამავე დროს გახლდათ შესარჩევი ტურნირი უმაღლესი ლიგის გათამაშებისათვის, რომელიც ქ. ბათუმში 5-14 მაისს გაიმართება.

განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, მარიამ ჩხაიძის (მწვრთნელი ადამი ხუხუნაიშვილი ) გამარჯვება, რომელმაც ლანჩხუთის ჭადრაკის ისტორიაში პირველად მიიღო საქართველოს ჩემპიონატის (დასავლეთ ზონის) გამარჯვებულის სტატუსი. მან 10 წლიან გოგონათა შორის ბრწყინვალედ იასპარეზა და მთელი ტურნირი უმაღლეს დონეზე ჩაატარა: უკან მოიტოვა უძლიერესი ფოთის საჭადრაკო სკოლის, ქობულეთისა და ოზურგეთის წარმომადგენლები. მარიამმა 7-დან 5,5 ქულა მოიპოვა.

10 წლამდე გოგონებში მე-5 ადგილი დაიკავა მარიამ სარიშვილმა (მწვრთნელი ნუგზარ გვარჯალაძე) .

8 წლიანთა გათამაშებაში 7 წლის ლილე ფირცხალაიშვილმა (მწვრთნელი ადამი ხუხუნაიშვილი ) მთელი ტურნირი სტაბილურად გაიარა და მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.

10 წლიანთა გათამაშებაში ძალიან კარგად იასპარეზა მიხეილ აფხაზავამ, რომელმაც დამსახურებულად დაიკავა მესამე საპრიზო ადგილი (მწვრთნელი ტარიელ ხუხუნაიშვილი). მე-5-მე-7 ადგილი გივი ზოიძემ გაიყო. (მწვრთნელი ადამი ხუხუნაიშვილი ) .

12 წლიანთა ტურნირში საქართველოს თითქმის ყველა ძლიერი მოჭადრაკე იღებდა მონაწილეობას. ამ შემადგენლობაში შეძლო გიორგი ფირცხალაიშვილმა მესამე საპრიზო ადგილს დაკავება (მწვრთნელი ადამი ხუხუნაიშვილი). ამ ასაკში მეხუთე, გამსვლელი ადგილი მოიპოვა თენგიზ სტურუამ (მწვრთნელი ტარიელ ხუხუნაიშვილი).

მოჭადრაკეებს საკრებულოს წევრებმა სიმბოლური საჩუქრები გადასცეს. მათთან ერთად წარმატებული მწვრთნელი, ადამი ხუხუნაიშვილი დასაჩუქრდა.მადლობა გადაუხადა საკრებულოს წევრებს გამოჩენილი ყურადღებისა და პატარების წახალისებისთვის.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო-(ი)ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია